სამეგრელოს პოლიციამ ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა ამოიღო, - შსს-ს ინფორმაციით, დაკავებულია 3 პირი.
"შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვისა და ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო დათესვა-მოყვანის ბრალდებით სამი პირი - 1974 წელს დაბადებული ა.კ., 1990 წელს დაბადებული ბ.გ. და წარსულში ნასამართლევი, 1983 წელს დაბადებული გ.ფ. დააკავეს.
საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ერთ-ერთი დაკავებულის - ა.კ.-ს საცხოვრებელი სახლიდან, პოლიციის მიერ ასევე, ამოღებულია ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის კულტივირებისათვის მოწყობილი სპეციალური სათბური და "მარიხუანა", - აღნიშნულია შსს-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე, 260-ე და 265-ე პრიმა მუხლებით მიმდინარეობს. დანაშაული 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
