საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის დღესა და ილია მეორის გარდაცვალებიდან მეცხრე დღესთან დაკავშირებით, სიონის საპატრიარქო ტაძარში ტაძარში მსახურება მიმდინარეობს, რომელსაც საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი მეუფე შიო მღვდელმთავრებსა და სამღვდელოებასთან ერთად აღავლენს.

მსახურების შემდეგ, სიონის ტაძარში შეკრებილ მრევლს საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, მიტროპოლიტმა შიომ მიმართა:

"დღეს ჩვენ აღვნიშნავთ საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის დღეს. მეტად სიმბოლურია, რომ სწორედ დღეს შესრულდა მეცხრე დღე სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორის გარდაცვალებიდან. როგორც იცით, საქართველოს ეკლესია ერთ-ერთი უძველესია მართლმადიდებელ ეკლესიათა შორის. ჯერ კიდევ მეხუთე საუკუნეში წმინდა კეთილმსახურ მეფე ვახტანგ გორგასლის ძალისხმევით მოპოვებულ ავტოკეფალიას, საქართველოს ეკლესია მიუხედავად მრავალი ქარტეხილისა, მტრების შემოსევებისა, ინარჩუნებდა მე-19 საუკუნის დასაწყისამდე და აი, 1811 წელს რუსეთის იმპერატორის განკარგულებით ჩვენი ეკლესიის ავტოკეფალია გაუქმდა. ეს იყო უხეში დარღვევა საეკლესიო კანონიკის, მსოფლიო ეკლესიის 7 კრების კანონების და აი, ასეთი ავტოკეფალიადაკარგული და დაობლებული ეკლესია განაგრძობდა თავის ცხოვრებას 106 წლის განმავლობაში. მაგრამ, მიუხედავად ამისა, ქართველი პატრიოტები არ წყვეტდნენ ბრძოლას ავტოკეფალიის აღდგენისთვის", - განაცხადა საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ მიტროპოლიტმა შიომ.