"უწმინდესისა და უნეტარესის ცხოვრება არ ყოფილა მხოლოდ პირადი სულიერი არჩევანი, არამედ მისია, რომელმაც არაერთი თაობის სულიერი ორიენტირი განსაზღვრა, გზა, რომელიც ნახევარი საუკუნის განმავლობაში მთელ ერს აერთიანებდა, მისი საქმისა და მსახურების ძვირფასი ნაყოფი კი ჩვენს საერთო და მტკიცე საძირკვლად იქცა.

ერის ცხოვრებაში დგება მომენტები, როდესაც საზოგადოებას, ხალხს, დიდი განსაცდელი, ან დიდი სიხარული აერთიანებს.

დღეს ჩვენი ქვეყნის ცხოვრებაში სწორედ ასეთი მომენტი დგას - მილიონობით ქართველი მდუმარედ ვხვდებით დიდ განსაცდელს და სწორედ ამ გამაყრუებელ მდუმარებაში, რომელიც ახლა ყველაზე ხმამაღლა ისმის, ამ ქვეყნის თითოეული შვილი მთელი სისავსით გრძნობს, თუ რამდენად დიდია დანაკლისი, რომელსაც ტოვებთ... ამ სიჩუმეში ვემშვიდობებით ეპოქას, რომელსაც თქვენი სახელი ერქვა.

დიდი ტკივილის მიუხედავად, ბედნიერი ხალხი ვართ, რადგან წილად გვხვდა პატივი ვიწოდებოდეთ უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის - ილია II-ის სულიერ შვილებად, შვილებად - მოძღვრისა, რომელმაც როგორც მთელი სიცოცხლე, გარდაცვალებაც საკუთარი სამწყსოს - ქართველი ხალხის ერთ მუშტად შეკვრასა და გაერთიანებას მიუძღვნა.

უწმინდესო და უნეტარესო - დიდი მადლობა სიკეთის, სიბრძნისა და სიყვარულისთვის...
ახლაც, როგორც მაშინ, "ეპოქა გათავდა დიდი...", - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა სიტყვით გამოსვლისას.