პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა დღეს განაცხადა, რომ სხვა ქვეყნები მას ირანთან ომში არ დაეხმარებიან, მიუხედავად იმისა, რომ ორშაბათს პირობა დადო, რომ მალე გამოაცხადებს იმ რამდენიმე ქვეყნის სახელს, რომლებიც ჰორმუზის სრუტის უსაფრთხოების უზრუნველყოფაში დახმარებას გეგმავენ. ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.

„შეერთებულმა შტატებმა ჩვენი ნატოს „მოკავშირეების“ უმეტესობისგან მიიღო ინფორმაცია, რომ მათ არ სურთ ჩარევა ჩვენს სამხედრო ოპერაციაში ირანის ტერორისტული რეჟიმის წინააღმდეგ ახლო აღმოსავლეთში“, - განაცხადა ტრამპმა Truth Social-ში.

მაშ შემდეგ, რაც ტრამპმა არაერთხელ გააკრიტიკა ქვეყნები, რომლებიც დახმარებას არ სთავაზობდნენ, დღეს განაცხადა, რომ "აშშ-ს აღარ სჭირდება ნატოს დახმარება და ის არასდროს დასჭირვებია“.

"ჩვენი სამხედრო წარმატების წყალობით, ჩვენ აღარ გვჭირდება და აღარც გვსურს ნატოს ქვეყნების დახმარება - არასდროს გვჭირდებოდა მათი დახმარება! იგივე შეიძლება ითქვას იაპონიაზე, ავსტრალიასა და სამხრეთ კორეაზე. სინამდვილეში, მსოფლიოში ყველაზე ძლიერი ქვეყნის, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის რანგში გამოსვლისას ვამბობ, - ჩვენ არავისგან დახმარება არ გვჭირდება!“ - განაცხადა ტრამპმა.

მოგვიანებით, ოვალურ კაბინეტში, ტრამპმა კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ „გაკვირვებული“ იყო, როდესაც ნატოს მოკავშირეები დახმარებას არ უწევდნენ.

„ვფიქრობ, ნატო ძალიან სულელურ შეცდომას უშვებს. დიდი ხანია ვამბობ, იცით, მაინტერესებს, ოდესმე ნატო ჩვენს გვერდით იქნება თუ არა. ასე რომ, ეს შესანიშნავი გამოცდა იყო, რადგან ისინი არ გვჭირდებიან, მაგრამ ისინი უნდა ყოფილიყვნენ ჩვენს გვერდით“, -  განუცხადა ტრამპმა ჟურნალისტებს.