დღეს წითელი პარასკევია, ვნების კვირეულის ყველაზე მძიმე დღე. სამების საკათედრო ტაძარში გარდამოხსნის ტრადიციული წესი შესრულდა. ამ დღეს მართლმადიდებლური ეკლესია იესო ქრისტეს ჯვარცმას, ჯვრიდან გარდამოხსნასა და დასაფლავებას იხსენებს. გ

არდამოხსნის რიტუალი საპატრიარქოს ტახტის მოსაყდრემ, მიტროპოლიტმა შიომ სასულიერო პირებთან ერთად აღავლინა.

"ვიცით ეკლესიის სწავლება, რომ ჩვენი ცოდვებით კვლავ და კვლავ ჯვარს ვაცვამთ უფალს, იგი მოვიდა დედამიწაზე, განკაცდა, ივნო და მოკვდა იმისთვის, რომ განგვათავისუფლოს ცოდვების ტყვეობის, ცოდვების ტვირთისგან. ვინ იყო პირველი ადამიანი, ვინც უფალმა გაათავისუფლა ამ ტვირთისგან – ერთ-ერთი ჯვარცმული ავაზაკი, გონიერი ავაზაკი, რომელმაც ისე განიცადა უდანაშაულო მაცხოვრის ტანჯვები, რომ თავისი ცოდვები აღიარა და სინანულით მიმართა მაცხოვარს ჯვარიდან. უფალიც სწორედ ამას ელოდება ჩვენგან, რომ ჩვენი ცოდვებით დამძიმებული, დაჭრილი სული ვაიძულოთ, მივმართოთ ღმერთს ხსნისა და წყალობისთვის. მრავალი ჩვენგანი და ზოგიერთი წლების განმავლობაშიც კი, დამოუკიდებლად ცდილობს, რაღაც გამოასწოროს თავის სულში, თავის ცხოვრებაში ღმერთის გარეშე, თავისი ძალებით. ეს უშედეგო მცდელობაა. მხოლოდ ამპარტავნული, უგუნური მცდელობაა, რადგან ჩვენი გამოსწორება, შინაგანი ცვლილება მხოლოდ ღმერთს შეუძლია. ჩვენი ძალებით ეს არ ძალგვიძს. შეიძლება, გარეგნულად ოდნავ შევცვალოთ ჩვენი ქცევა, მაგრამ ჩვენთვის მიუღწეველია, შევიცვალოთ შინაგანად, როგორც ამბობს უფალი, რომ უჩემოდ არაფერი შეგიძლიათ. ძვირფასო ძმებო და დებო, უფალს სურს ჩვენი გამოსწორება და განწმენდა. შეგახსენებთ, ერთხელ მასთან მივიდა სნეული და მიმართა, უფალო, თუ გნებავს, შეგიძლია, განმწმინდოო. რა მიუგო უფალმა? – მნებავს, განიწმინდეო. უფალს ეს სურს. დაემთხვა ადამიანისა და ღმერთის ნება და ის ადამიანი განიკურნა. ასე რომ, ჩვენი გამოსწორებაც, განწმენდაც უფალს უფრო მეტად სურს, ვიდრე ჩვენ გვინდა. ჩვენი სურვილი თუ ნამდვილი, ძლიერი, სერიზულია და მივმართავთ უფალს შეწევნისთვის, ის აუცილებლად მოვა თავისი მადლით, გამოგვასწორებს და განგვწმენდს. ღმერთმა დაგლოცოთ და გაგაძლიეროთ,"- განაცხადა მეუფე შიომ.