შეერთებული შტატები და ირანი ომის დასრულების მოკლე მემორანდუმზე შეთანხმებას უახლოვდებიან - ამის შესახებ CNN-ი წყაროებზე დაყრდნობით წერს.
მედიის ცნობით, სამშაბათს, თეთრმა სახლმა პაკისტანელი შუამავლებისგან დადებითი გამოხმაურება მიიღო, რომ ირანელები კომპრომისისკენ იხრებიან.
წყაროების ინფორმაციით, ბოლო პერიოდში დიპლომატიური ძალისხმევა გაძლიერდა, აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი, როგორც ჩანს, სამშვიდობო მოლაპარაკებებს ამარტივებს, რათა ირანის რეჟიმის წარმომადგენლები მოლაპარაკებების მაგიდასთან დაბრუნდნენ, მოგვიანებით კი უფრო რთული საკითხები გადაწყდეს.
CNN-ს წყარომ განუცხადა, რომ შიდა მოლაპარაკებების პროცესში განიხილება ცალმხრივი გეგმა, რომელიც შეიცავს რიგ დებულებას, რომლებიც კონფლიქტის დასრულების მოლაპარაკებების საფუძველს წარმოადგენს. წყაროს ცნობით, დოკუმენტი ომის დასრულებას გამოაცხადებს და 30-დღიანი მოლაპარაკებების პერიოდს დაიწყებს სადავო საკითხების მოსაგვარებლად. მათ შორის შედის, ბირთვული საკითხები, ირანული აქტივების განთავისუფლება და ჰორმუზის სრუტეში სამომავლო უსაფრთხოების საკითხი.
მედია ასევე წერს, რომ გეგმის ზუსტი დეტალები ჯერ არ დადასტურებულა, თუმცა წყაროს განცხადებით, ის მოიცავს ურანის გამდიდრებაზე 10 წელზე მეტი ვადით მორატორიუმის გამოცხადებას. აშშ-ის წინა წინადადება, 20 წლიან მორატორიუმს ითვალისწინებდა. გეგმა ასევე ითვალისწინებს მაღალგამდიდრებული ურანის მარაგების ირანიდან გატანას.
