ფილიპინებში მომხდარი 7.8 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრის შედეგად გარდაცვლილთა რაოდენობა 45-მდე გაიზარდა, 17 ადამიანი კი ამ დრომდე დაკარგულად ითვლება. ინფორმაციას The Independent-ი ავრცელებს.
მედიის ცნობით, ძლიერი განმეორებითი ბიძგები მაშველების მუშაობის პროცესს აფერხებს.
ფილიპინების ვულკანოლოგიისა და სეისმოლოგიის ინსტიტუტის წარმომადგენლის, ტერეზიტო ბაკოლკოლის თქმით, 7.8 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრის შემდეგ, 2 100-ზე მეტი განმეორებითი ბიძგი დაფიქსირდა, რომელთაგან ზოგიერთი საკმარისად ძლიერი იყო, რომ დამატებითი ზიანი გამოეწვია.
სტიქიის შედეგად 630 ადამიანი დაშავდა, დაზიანდა 3 100-ზე მეტი სახლი, გზა და ხიდი, ასევე 100 სამთავრობო შენობა. გარდა ამისა, 32 000 ადამიანი იძულებული გახდა დაეტოვებინა საკუთარი საცხოვრებელი სახლები და ოთხშაბათის მონაცემებით, მათგან 25 000-ზე მეტი დროებით თავშესაფრებში იმყოფება.
