ირანის ახალი უზენაესი ლიდერი, მოჯთაბა ხამენეი ჯანმრთელია და ქვეყანას ხელმძღვანელობს - განაცხადა დღეს ირანელმა ოფიციალურმა პირმა და განმარტა, რომ ის საჯაროდ უსაფრთხოების თვალსაზრისიდან გამომდინარე არ ჩნდება. ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.
"უზენაესი ლიდერი საჯაროდ უსაფრთხოების საკითხებიდან გამომდინარე არ ჩნდება, რაც ამჟამინდელ განსაკუთრებულ გარემოებებთანაა დაკავშირებული", - განაცხადა გაეროს ოფისში ირანის წარმომადგენელმა ალი ბაჰრეინმა. ამასთან, ირანის სახელმწიფო სტუდენტური საინფორმაციო ქსელი (SNN) იტყობინება, რომ "ის ჯანმრთელია და ქვეყნის ხელმძღვანელობას განაგრძობს".
მედიის ცნობით, ხამენეი საჯაროდ მას შემდეგ არ გამოჩენილა, რაც მისი მამა და ყოფილი უზენაესი ლიდერი ალი ხამენეი გასულ თვეში აშშ-ისრაელის ერთობლივი დარტყმების შედეგად დაიღუპა. მას შემდეგ, ირანის სახელმწიფო მედიებმა მხოლოდ ის განცხადებები წაიკითხეს, რომლებიც, მათვე თქმით, მოჯთაბა ხამენეის მიერ იყო გაკეთებული.
