ირანის სარაკეტო თავდასხმების საპასუხოდ, ისრაელის თავდასხმები "გაძლიერდება და გაფართოვდება", - განაცხადა ისრაელის თავდაცვის მინისტრმა ისრაელ კაცმა.

"პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ და მე გავაფრთხილეთ ირანის ტერორისტული რეჟიმი, შეეწყვიტა ისრაელის მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ სარაკეტო თავდასხმები. ამ გაფრთხილებების მიუხედავად, თავდასხმები გრძელდება და შესაბამისად, ირანის წინააღმდეგ ისრაელის თავდაცვის ძალების დარტყმები გაძლიერდება და გაფართოვდება დამატებით სამიზნეებსა და ტერიტორიებზე, რომლებიც რეჟიმს ისრაელის მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ იარაღის შექმნასა და გამოყენებაში ეხმარება", - ამის შესახებ ისრაელის თავდაცვის მინისტრმა, ისრაელ კაცმა, ვიდეომიმართვაში განაცხადა.

როგორც CNN-ი წერს, ისრაელ კაცის განცხადებაში არ იყო დაკონკრეტებული, თუ რას მოიცავდა გაფართოებული ოპერაციები.

"ჩვენ გავაგრძელებთ ტერორისტული რეჟიმის ლიდერებისა და მეთაურების დევნას და მისი სტრატეგიული შესაძლებლობების განადგურებას", - აღნიშნა კაცმა.