ირანმა თავის სპორტულ გუნდებს იმ ქვეყნებში მოგზაურობა აუკრძალა, რომლებსაც "მტრულად" მიიჩნევს, - წერს CNN-ი.
ირანის სპორტის სამინისტროს განცხადება ეხებოდა ირანულ საფეხბურთო გუნდ "ტრაქტორს", რომელსაც საუდის არაბეთში აზიის ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფის მატჩი, დუბაის კლუბ "შაბაბ ალ-აჰლის" წინააღმდეგ უნდა ეთამაშა.
"ეროვნული და კლუბური გუნდების ყოფნა იმ ქვეყნებში, რომლებიც მტრულად არიან მიჩნეულნი და ვერ უზრუნველყოფენ ირანელი სპორტსმენებისა და გუნდის წევრების უსაფრთხოებას, აკრძალულია შემდგომ შეტყობინებამდე", - ნათქვამია განცხადებაში.
"განცხადებაში არაფერი იყო ნახსენები წლევანდელ FIFA-ს მსოფლიო ჩემპიონატზე. ირანმა მოიპოვა ტურნირზე გასვლის უფლება, რომელსაც შეერთებული შტატები, კანადა და მექსიკა ერთობლივად უმასპინძლებენ, თუმცა ახლა კითხვები ჩნდება იმის შესახებ, მიიღებს თუ არა გუნდი მონაწილეობას", - იტყობინება CNN-ი.
