"როდესაც მიდიხარ ასეთ ნაბიჯზე, უნდა შეეგუო პასუხისმგებლობას" - ასე ეხმაურება პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი სახელმწიფოს გადატრიალების მცდელობის საქმეზე დაკავებული პაატა მანჯგალაძის განცხადებას, რომ ე.წ. მშვიდობიანი დამხობა აქციაზე ხალხის მისაყვანად ერთგვარი მარკეტინგული ხრიკი ეგონა.
აქვე, შალვა პაპუაშვილი ეხმიანება სახალხო დამცველის განცხადებასაც, რომელმაც თქვა, რომ საქმეში არ არის მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა მანჯგალაძის მხრიდან ძალადობისკენ მოწოდებას. პარლამენტის თავმჯდომარე ამბობს, რომ "ძალიან იმედგამაცრუებელია ეს განცხადება."
"პაატა მანჯგალაძე, ისევე როგორც სხვა ორგანიზატორები, თავისუფლების მოედანზე სცენაზე იდგა, სადაც განაცხადეს, რომ გადაიბარეს ხელისუფლება და პირადად ჩემი დაპატიმრება დაავალა პოლიციას თუ სხვა ძალოვან უწყებებს. გასაგებია, რომ ასეთ კლოუნებს არავინ არ დაუჯერებს, მაგრამ 7 000 კაცი ჰყავდათ იქ შეკრებილი, ჩვენ, სწორედ იმიტომ, რომ პოლიციამ და უსაფრთხოების სამსახურებმა პრევენციულადაც იმოქმედეს, იმ მომენტშიც დროული რეაქცია იყო, სახელმწიფო დაცვის სამსახური იყო სათანადო მოწოდებაზე, ნახეთ, რომ ხელჩართული ბრძოლა მოუწიათ ბიჭებს, რომლებიც იცავდნენ პრეზიდენტის რეზიდენციას იმისთვის, რომ არ დამდგარიყო ნეპალი, თითოეული ეს ადამიანი აანონსებდა სისხლისღვრას საქართველოში და შეგახსენებთ, ამას მხარი დაუჭირა ევროკავშირმა. ასე, რომ ჩვენ გადავარჩით 90-იან წლებში დაბრუნებას და ბატონ სახალხო დამცველსაც, დარწმუნებული ვარ, თავის ასაკიდან გამომდინარე, ახსოვს, რაც იყო 90-იანი წლები. ასე, რომ აქ იმის ნახვა, რომ ვიღაცა სცენის კუთხეში იდგა თუ ცენტრში, იქ იდგა. აბა ერთი წარმატებული ყოფილიყო ეს ყველაფერი, პაატა მანჯგალაძე იჯდებოდა თუ არა ახლა პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელში ან რომელიმე სხვა სავარძელში ძალიან გემრიელად, კომფორტულად შეირგებდა თუ არა იმ თანამდებობას და ექნებოდა თუ არა გადანაწილება. ეს აჩვენებს საერთო ჯამში, რომ როდესაც მიდიხარ ასეთ ნაბიჯზე, უნდა შეეგუო, მათ შორის, პასუხისმგებლობას. სისხლისღვრაზე მიჰყავდათ ხალხი, შეკრიბეს სისხლისღვრისთვის, წაიყვანეს სისხლისღვრაზე, მათ შორის, მხარდაჭერა მიიღეს სისხლისღვრაზე ევროკომისიის პრესსპიკერის მხრიდან და მხოლოდ ჩვენმა უსაფრთხოების სამსახურმა და ჩვენმა ხალხმა ჩაშალა ეს ყველაფერი", - აცხადებს შალვა პაპუაშვილი.
