ირანმა ისრაელის მიმართულებით რამდენიმე ბალისტიკური რაკეტა გაუშვა. "ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის" განცხადებაში ნათქვამია, რომ ეს ნაბიჯი ბეირუთზე ისრაელის მიერ მიტანილი იერიშების საპასუხო რეაქციაა.

ისლამური რესპუბლიკის ვერსიით, დარტყმა ისრაელის ჩრდილოეთით მდებარე "რამათ-დავიდის" ავიაბაზაზე განხორციელდა.

ისრაელის თავდაცვის ძალების ინფორმაციით, საჰაერო თავდაცვის სისტემებმა ყველა ირანული რაკეტა ჩამოაგდეს. დაბომბვის შედეგად არავინ დაშავებულა.

თავდასხმის საპასუხოდ, ისრაელმა იერიში მიიტანა ირანის დასავლეთ და ცენტრალურ ნაწილში მდებარე სამხედრო ობიექტებზე.

ამ მოვლენების ფონზე, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა და ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ სატელეფონო საუბარი გამართეს.

გამოცემა Axios-ის ინფორმაციით, ამერიკის პრეზიდენტმა ნეთანიაჰუს მოუწოდა, თავი შეიკავოს ირანზე შემდგომი დარტყმებისგან, რადგან ვაშინგტონი და თეირანი "ახლოს არიან კარგი შეთანხმების გაფორმებასთან".