ირანმა მოჰამედ ბაქირ ზოლკადრი ქვეყნის უმაღლესი უსაფრთხოების ორგანოს მდივნად დანიშნა.

მან ეროვნული უსაფრთხოების უმაღლესი საბჭოს ხელმძღვანელის თანამდებობაზე ალი ლარიჯანის შეცვალა, რომელიც გასულ კვირას, ისრაელის საჰაერო დარტყმის შედეგად გარდაიცვალა.

როგორც Reuters-ი წერს, მიუხედავად თანამდებობაზე დანიშვნისა, მოსალოდნელი არ არის, რომ ის ლარიჯანის, როგორც მთავარი გავლენიანი ფიგურის შემცვლელი იქნება.

"ზოლკადრი ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის ყოფილი მეთაური და რადიკალური პოლიტიკური ფრაქციის გავლენიანი ფიგურაა", - წერს მედია.

ზოლკადრი წარსულში იკავებდა მაღალი დონის თანამდებობებს უსაფრთხოების სფეროში, მათ შორის შინაგან საქმეთა სამინისტროში უსაფრთხოების მიმართულების მოადგილის პოსტს, შეიარაღებული ძალების გენერალურ შტაბში მოადგილის თანამდებობას, ასევე სასამართლო ხელისუფლების ხელმძღვანელის მრჩევლის პოზიციას დანაშაულის პრევენციის საკითხებში.

ცნობისთვის, ეროვნული უშიშროების საბჭო, რომელსაც ოფიციალურად ხელმძღვანელობს პრეზიდენტი მასუდ პეზეშკიანი, კოორდინაციას უწევს უსაფრთხოებისა და საგარეო პოლიტიკის საკითხებს და მოიცავს სამხედრო, დაზვერვისა და მთავრობის მაღალჩინოსნებს. მასში ასევე შედიან უზენაესი ლიდერის წარმომადგენლები, რომელთაც სახელმწიფოებრივ საკითხებზე მნიშვნელოვანი გავლენა აქვთ.