შრი-ლანკის სანაპიროსთან, ირანულ გემს წყალქვეშა ნავი დაესხა თავს, რის სედეგადაც, სულ მცირე 101 ადამიანი დაკარგულად ითვლება, ერთი დაიღუპა და 78 დაშავდა, - ამის შესახებ Reuters-ი საზღვაო და თავდაცვის წყაროებზე დაყრდნობით წერს.

მედია წერს, რომ ჯერ კიდევ გაურკვეველია, ვინ დაესხა თავს გემს, რომელიც, წყაროების ცნობით, უკვე ჩაიძირა.

შრი-ლანკის საზღვაო ძალების წარმომადგენელმა განაცხადა, რომ 101 ადამიანის დაკარგულად ცნობა სიმართლეს არ შეესაბამება და, რომ ინციდენტის შედეგად დაშავებული 32 ადამიანი შრი-ლანკის საზღვაო ძალებმა გადაარჩინეს და ისინი საავადმყოფოში არიან.

შრი-ლანკის საგარეო საქმეთა მინისტრმა პარლამენტს დღესვე განუცხადა, რომ საზღვაო ფლოტმა გემიდან შემოსულ განგაშის სიგნალზე რეაგირება მოახდინა და სამაშველო ოპერაცია ადგილობრივი დროით, დილის 6:00 საათზე დაიწყო.

"ამჟამად ჩვენთვის ცნობილია, რომ 79 ადამიანი გადაარჩინეს და საავადმყოფოში გადაიყვანეს, რომელთაგან ერთმა მძიმე დაზიანებები მიიღო. კიდევ 101 ადამიანი დაკარგულად ითვლება, გემი კი ჩაიძირა“, - განაცხადა წყარომ, წერს Reuters-ი.

წყარომ, ასევე განაცხადა, რომ საავადმყოფოში გადაყვანილთაგან ერთ-ერთი გარდაიცვალა.

საგარეო საქმეთა მინისტრმა ვიჯიტა ჰერატმა პარლამენტში დამატებითი დეტალები არ გაამხილა, თუმცა განაცხადა, რომ სამხედროებმა ბორტზე მყოფი სულ მცირე 30 ადამიანი გადაარჩინეს და შრი-ლანკა შესაბამის ზომებს მიიღებს.

ადგილობრივი მედიის ცნობით, გემმა სამხრეთ შრი-ლანკაში, გალეს სანაპიროსთან განგაშის სიგნალი გაავრცელა.