პირველი მსოფლიო ომის მონაწილე ჯარისკაცების მიერ ბოთლში ჩადებული წერილები, საუკუნეზე მეტი ხნის შემდეგ, ავსტრალიის სანაპიროზე იპოვეს. ინფორმაციას le parisien-ი ავრცელებს.
"ის იქ იყო, თითქოს პოვნას ელოდა", - თქვეს თვითმხილველებმა, რომლებმაც ბოთლი აღმოაჩინეს.
მედიის ინფორმაციით, "შვეპსის“ ბოთლში დამალული შეტყობინებები, ბრაუნების ოჯახმა 9 ოქტომბერს, დასავლეთ ავსტრალიაში, ესპერანსის მახლობლად აღმოაჩინა. ოჯახმა ბოთლი სანაპიროს ნაგვისგან დასუფთავების დროს იპოვა.
"გასაკვირია, რომ ბოთლი იდეალურ მდგომარეობაში იყო. მას არანაირი ნადები არ ჰქონდა. ვფიქრობთ, ამდენი ხნის განმავლობაში ზღვაში ან მზეზე რომ ყოფილიყო, ქაღალდი დაიშლებოდა და ჩვენ მის წაკითხვას ვერ შევძლებდით“, - აცხადებს ოჯახი.
ბოთლის შიგნით დამალული იყო მალკოლმ ნევილისა და უილიამ ჰარლის მიერ ფანქრით დაწერილი წერილები, რომლებიც მაშინ 27 და 37 წლის იყვნენ. ეს წერილები 1916 წლის 15 აგვისტოთია დათარიღებული.
"ვინც ამ განძს იპოვის, ისეთივე ჯანმრთელი იყოს, როგორიც ახლა ჩვენ ვართ", - დაწერა უილიამ ჰარლიმ პატარა ფურცელზე. "ჩვენ მეფეებივით ბედნიერები ვართ", - დაწერა მისმა თანამგზავრმა.
წერილებში შემავალი ინფორმაციის წყალობით, ბრაუნების ოჯახმა შეძლო ორი ჯარისკაცის ნათესავების პოვნა, რომლებსაც წერილები გადასცეს.
