საფრანგეთის საშინაო გადაუდებელი დახმარების ფედერაციამ BFMTV-ზე გაფრთხილება გაავრცელა და მოუწოდა ხალხს, არ უგულებელყონ კატის ნაკბენის სერიოზულობა, "რომელიც ხშირად ძაღლის ნაკბენზე უფრო სერიოზულ დაზიანებებს იწვევს".

მედიკოსების ინფორმაციით, ყოველწლიურად 25 000-ზე მეტ ფრანგს შინაური კატის ნაკბენის გამო ოპერაციის გაკეთება უწევს, ზოგიერთ შემთხვევაში მაწანწალა კატების კბენის გამოც და ეს ტენდენცია მზარდია.

"კატის ნაკბენები ძალიან ხშირია. ასეთ შემთხვევას დღეში ერთხელ მაინც ვხედავთ. ისინი ხშირად სერიოზული დაზიანებებით მთავრდება. ჩვენ მათ ძაღლის ნაკბენებთან შედარებით გაცილებით აგრესიულად და სერიოზულად მივიჩნევთ, როგორც ნაკბენების რაოდენობის, ასევე ქსოვილების დაზიანების სიმძიმის თვალსაზრისით“, - განმარტავს ორთოპედი ქირურგი.

აღსანიშნავია, რომ ეს დაზიანებები ზოგჯერ თითქმის შეუმჩნეველია. ეს მხოლოდ რამდენიმე პატარა ლაქაა, საიდანაც მცირე რაოდენობით გამოდის სისხლი ან საერთოდ არ სისხლიანდება. თუმცა, ისეთ მგრძნობიარე ადგილას, როგორიცაა ხელის მტევანი, სადაც ნერვები, მყესები და სახსრები იკვეთება, ოდნავმა ინფექციამაც კი შეიძლება სერიოზული ზიანი გამოიწვიოს.

კატის კბილებით გამოწვეული დაზიანებების გარდა, ინფექციამ შეიძლება სერიოზული შემთხვევები გამოიწვიოს. ნაკბენის დროს ბაქტერიები ღრმად აღწევენ ორგანიზმში; "ამან შეიძლება გამოიწვიოს ძალიან სერიოზული ინფექცია, რომელიც აზიანებს ქსოვილს“, - ხაზს უსვამს სპეციალისტი.

ექსპერტის განმარტებით, ინფექციასთან დაკავშირებული ტკივილი პირველადი კონტაქტიდან მხოლოდ 6-12 საათის შემდეგ ჩნდება, რაც საკმარისი დროა იმისთვის, რომ დაზიანება უკვე მიყენებული იყოს. ასეთ შემთხვევებში, უმნიშვნელოვანესია ექიმთან სასწრაფო ვიზიტი.