პარლამენტის ფრაქცია "საქართველოსთვის" თავმჯდომარის, შალვა კერესელიძის განცხადებით, ინფრასტრუქტურის მინისტრად რევაზ სოხაძის დანიშვნის შემდეგ ბევრი რამ უკეთესობისკენ შეიცვალა და ეს მისასალმებელია.
კერესელიძემ პარლამენტის ტრიბუნიდან მინისტრს მოუწოდა, რომ სამინისტროში კორუფცია მოსპოს, წინააღმდეგ შემთხვევაში, არაფერი გამოვა.
"გულწრფელად გეუბნებით ამას, რომ თქვენი მინისტრად მოსვლის შემდეგ ბევრი რამ შეიცვალა. რაღაც გამოცოცხლდა, ჩავარდნილ პროექტებზე სამუშაოები დაიწყო, ზოგიერთი პროექტი დასრულდა, ზოგი პროცესშია და მიმდინარეობს, რაც მართლა სასიხარულო და მისასალმებელია. მაგრამ, ერთი რამ მინდა გითხრათ, რომ თქვენი სამინისტროს ღირსეულ და პროფესიონალ საჯარო მოხელეებთან ერთად კორუფცია თუ არ მოსპეთ, არაფერი არ გამოვა და თქვენი უწყება ვერასდროს დაიბრუნებს იმ დიდ და საიმედო სამინისტროს სახელს, რაც ამ ინსტიტუციას რეგიონებისთვის, რეგიონში მცხოვრები მოქალაქეებისთვის, რეგიონის ხელმძღვანელებისთვის, პარლამენტის დეპუტატებისთვის და, რაც მთავარია, სოფლის მოსახლეობაში, შექმნის დღიდან ჰქონდათ და გააჩნდათ", - განაცხადა შალვა კერესელიძემ.
