ირანის სამხედრო რესურსის სრულ განადგურებაზე საუბრობს ამერიკის პრეზიდენტი. დონალდ ტრამპი ამტკციებს, რომ ირანს აღარც საჰაერო ძალები აქვს და აღარც საჰაერო თავდაცვა და ირანის პოლიციასა და გვარდიას დანებებისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდა.

განვითარებული მოვლენებით კმაყოფილია ისრაელის პრემიერ-მინისტრი. თუმცა ნეთანიაჰუ ამბობს, რომ მათ მოკავშირეებთან გაერთიანებული ძალებით ჯერ კიდევ ბევრი სამუშაო აქვთ.

ომის ექსპლუატატორად მოიხსენია ირანი ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა. კაია კალასის თქმით, ირანი ახლო აღმოსავლეთში განურჩევლად ყველა ქვეყანაზე თავდასხმით კონფლიქტის ესკალაციას ცდილობს.

თავის მხრივ სახმელეთო ომისთვის მზადყოფნას გამოთქვამს თეირანი. ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ცეცხლის შეწყვეტის და მოლაპარაკებების დაწყების მოთხოვნა მათი მხრიდან არ არსებობს.

"ამერიკის შეერთებული შტატების შეიარაღებულ ძალებსა და ისრაელის თავდაცვის ძალებს, ასევე ჩვენს საჰაერო ძალებს შორის თანამშრომლობა ისტორიულია. ჩვენ ვაგრძელებთ დარტყმებს ირანის ტერორისტულ რეჟიმსა და ლიბანში არსებულ ტერორისტულ დაჯგუფებებზე.

მიღწეული შედეგები მნიშვნელოვანია, თუმცა წინ კიდევ დიდი სამუშაო გველის. გვსურს კიდევ ერთხელ გადავუხადო მადლობა ჩვენს მეგობარს პრეზიდენტ ტრამპს, ისრაელსა და შეერთებულ შტატებს შორის არსებული თანამშრომლობისთვის. ჩვენ ერთად ვაგრძელებთ მოქმედებას და ღმერთის ნებით ერთობლივად შევასრულებთ ჩვენს მისიებს", - აცხადებს ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ.