ახლო აღმოსავლეთში შექმნილი ვითარების გამო საქართველოს ათობით მოქალაქე, რომლებიც ტურისტულად ტაილანდში იმყოფებიან, სამშობლოში დაბრუნებას ვერ ახერხებენ. მიზეზი ფრენების გაუქმებაა. საგარეო საქმეთა სამინისტროში ამ თემაზე გაკეთებულ სპეკულაციურ განცხადებებს პასუხობენ.

 

უწყებაში განმარტავენ, რომ ამჟამად მათთვის პრიორიტეტული იმ ადამიანების დახმარებაა, რომლებიც სახიფათო ზონაში იმყოფებიან. ტაილანდში მყოფ მოქალაქეებს კი ალტერნატიული მარშრუტების მოძიებაში და ტურისტულ კომპანიებთან ურთიერთობებში დაეხმარებიან.

"რაც შეეხება ტაილანდში ე.წ. ჩარჩენილ მოქალაქეებს, რომლებსაც გარკვეული შეფერხება შეექმნათ ავიარეისების გადადების ან გაუქმების გამო, ვინაიდან მათ ჰქონდათ დაგეგმილი უკან დაბრუნება ახლო აღმოსავლეთის ქვეყნების საჰაერო სივრცეების გამოყენებით, უსაფრთხოების რისკები, სადაც მაღალია, სადაც არის გარკვეული დაძაბულობა და ამ შემთხვევაში ვსაუბრობთ ახლო აღმოსავლეთზე, სადაც შეიძლება, რომ ჩვენს მოქალაქეებს შეექმნათ გარკვეული საფრთხე, ბუნებრივია, რომ აქ სახელმწიფო უფრო მეტი პასუხისმგებლობით უდგება დამოკიდებულებას თავისი მოქალაქეების მიმართ, იქ იმ ქვეყნებში, სადაც ჩვენი მოქალაქეები იმყოფებიან, ამ შემთხვევაში ტაილანდში, უსაფრთხოების რისკი არ არსებობს. ის ქვეყნები, სადაც საჰაერო სივრცე გახსნილია და სადაც არსებობს უამრავი სხვა შესაძლებლობა მათი უკან დაბრუნების, რა თქმა უნდა, ეს არის თავიდან ბოლომდე დამოკიდებული ავიაკომპანიებზე, ტურისტულ სააგენტოებზე, რომლებსაც ჩვენ ვემუშავებით, ადვოკატირებას ვუწევთ ჩვენს მოქალაქეებს, რომ მათი უფლებები იყოს დაცული და მაქსიმალურად ვთავაზობთ მიმართულებებს საიდან შეიძლება, რომ ისინი უსაფრთხოდ დაბრუნდნენ ქვეყანაში", - აცხადებს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ხათუნა თოთლაძე.