მართლმადიდებელი ეკლესია დღეს ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის ხსენების დღეს აღნიშნავს. მახათას მთაზე მდებარე ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძარში საზეიმო წირვა ჩატარდა.
ლიტურგია საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა, მეუფე შიომ აღავლინა.
"ვმადლობთ მას ამ დიდი წყალობისთვის, რომელიც ჩვენზე მოიღო, იმისთვის, რომ ღირსგვყო ჩვენ, ქართველები, მისი წილვხვდომილი ერი ვყოფილიყავით. ამის ერთ-ერთი ნიშანი სწორედ ამ ხატის ქართულ მონასტერში მიბრძანება არის. და არ არის შემთხვევითი, რომ აღდგომიდან მესამე დღეს არის ამ დიდებული ხატის ხსენება, როგორც საქრისტიანოს ერთ-ერთი უდიდესი სიწმინდისა, შეიძლება ითქვას, რომ სააღდგომო ხატია, ყველაზე გამორჩეული ხატია ივერიის ღვთისმშობლის ხატი. ამ ხატის მეშვეობით, იმ სასწაულების მეშვეობით, უფალი ჩვენ გვახსენებს, რომ ის არ ტოვებს თვის შექმნილ სამყაროს, არ ტოვებს საქართველოს და რომ ყოვლადწმინდა ღვთისმშობელიც მუდამ ზრუნავს ჩვენთვის და ევედრება ღმერთს ჩვენთვის, გვშუამდგომლობს მის წინაშე და ამ ხატის მოვლინებაც არის დასტური მისი მფარველობის და წყალობის და ამ ხატიდან გვეძლევა ჩვენ შეწევნა, რომ დავამარცხოთ ცოდვები და სული გადავირჩინოთ.
კიდევ ერთხელ გილოცავთ, ძვირფასო ძმებო და დებო. მინდა, შეგახსენოთ ასევე, რომ დღეს ჩვენს ქვეყანაში აღინიშნება დედაენის დღე, ქართული ენის დღე. ჩვენი ენა უძველესი, უმშვენიერესი და საოცრად დიდებული არის, ერთ-ერთი დიდი საუნჯე ღმერთისგან ბოძებული. მისი უწმინდესობას და უნეტარესობას უთქვამს, შეუდარებია ქართული ენა ღმერთისგან მომავალ მუსიკასთან, საღვთო, სულიერ მუსიკას შეადარა, რომლის შენახვამაც განაპირობა ჩვენი ერის დღემდე გადარჩენა, ამიტომ გვმართებს განსაკუთრებული ზრუნვა ჩვენი მშობლიური და უნიკალური ენის შენახვისთვის და გადარჩენისთვის." - აღნიშნა მეუფე შიომ.
