მდინარე ალაზნის ადიდების გამო, თბილისი-ლაგოდეხის საავტომობილო გზის ჰერეთისკარის მონაკვეთზე მსუბუქი ტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალა.

კახეთში მესამე დღეა სტიქიას ებრძვიან. ადიდებულმა მდინარეებმა ლაგოდეხის, ყვარლის და გურჯაანის სოფლები დააზარალა. დაზიანებულია ინფრასტრუქტურა, დატბორილია ნაკვეთები და სახლების პირველი სართულები. რეგიონში სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები გრძელდება. იწმინდება სანიაღვრე არხები. მდინარეებზე ეწყობა ნაპირსამაგრი ჯებირები. პრობლემურ მონაკვეთებზე მუშაობს მძიმე ტექნიკა.

"დღეს ვიმყოფებოდით განსაკუთრებულად რთულ ლოკაციებზე. ეს იყო გურჯაანის მუნიციპალიტეტში, სოფელ ველისციხეში, სადაც მოხდა ხიდის დაზიანება და უმოკლეს ვადებში გამოცხადდება ხიდის აღდგენასთან დაკავშირებული საპროექტო სამუშაოები.

ყვარლის მუნიციპალიტეტში გვაქვს მდინარე დურუჯის მიმდებარე ტერიტორია პრობლემატური. იქ ადგილზე მუშაობს მძიმე ტექნიკა და მიმდინარეობს კალაპოტის გაწმენდითი სამუშაოები.

რაც შეეხება ლაგოდეხის მუნიციპალიტეტს, აქაც ძირითადად პრობლემები გვაქვს მდინარის კალაპოტის გაწმენდასთან დაკავშირებით და ნაპირსამაგრი სამუშაოები ჩატარებასთან დაკავშირებით. ამ მიმართულებით საგზაო დეპარტამენტს, რეგიონული განვითარების სამინისტროს და სახელმწიფო რწმუნებულის ჩართულობით, უმოკლეს ვადებში მივიღებთ იმ ნაბიჯებს, რომლებიც პრობლემის სრულ და სიღრმისეულ გადაწყვეტას მოხმარდება", - განაცხადა საქართველოს რეგიონული განვითარების მინისტრის პირველმა მოადგილემ, ლევან ზაუტაშვილმა.