"ვუშვებ შესაძლებლობას, რომ ირანმა პირდაპირ მიაყენოს დარტყმა საქართველოს" - ვახტანგ კაპანაძის ეს განცხადება "ქართული ოცნებისთვის" კიდევ ერთი დასტურია თუ როგორ ცდილობენ მათი ოპონონეტები ქვეყნის ინტერესები დააზიანონ და საქართველო დარტყმის სამიზნედ აქციონ.

გენერალ-მაიორმა და "ნაციონალური მოძრაობის" ყოფილმა წევრმა დაასახელა საქართველოში კონკრეტული ობიექტებიც, რომელიც მისი მოსაზრებით, შესაძლოა, ირანის შეიარაღებული ძალების სამიზნე გახდეს. მიხეილ სააკაშვილის სამხედრო მრჩევლის განცხადებები მმართველი გუნდისთვის ანტისახელმწიფოებრივი და მოღალატეობრივია.

თბილისის მერი, "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" გენერალური მდივანი კახა კალაძე აცხადებს, რომ დეზინფორმაციაში აგენტურაა ჩართული.

"მთელი აგენტურა ჩართულია დეზინფორმაციაში. ეს ადამიანები ვერ იტანენ მშვიდობას, აგრესია აქვთ მშვიდობის მიმართ. დღეს ხალხი კიდევ უფრო კარგად ხედავს ამ ადამიანებმა რა იკადრეს 2008 წელს. ვისი დაკვეთით მოქმედებდნენ, ვისი დავალებით მოქმედებდნენ და რამხელა უბედურება მოუტანეს ქვეყანას.

ის განცხადებები რასაც ვისმენთ, მხოლოდ მიმართულია ქვეყნის წინააღმდეგ, ამიტომ ძალიან დიდი სიფრთხილე გვმართებს და უნდა გავაგრძელოთ იმ პოლიტიკის კეთება რაც ჩვენი ქვეყნისთვის არის მნიშვნელოვანი", - აცხადებს კახი კალაძე.