ამერიკის შეერთებული შტატები 33 წლის განმავლობაში საქართველოსა და ქართველი ხალხის რჩეული პარტნიორია. ჩვენ კვლავაც ვრჩებით საქართველოს დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდამჭერებად - ნათქვამია წერილში, რომელიც სახელმწიფო დეპარტამენტმა "ფორმულას" მიერ წერილობით დასმული კითხვის პასუხად გაუგზავნა.
აშშ-მ წერილი, საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის ვიზიტის დასრულების შემდეგ გაავრცელა.
"ამერიკის შეერთებული შტატები 33 წლის განმავლობაში საქართველოსა და ქართველი ხალხის რჩეული პარტნიორია. ჩვენ კვლავაც ვრჩებით საქართველოს დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდამჭერებად. ამერიკის შეერთებული შტატები საქართველოსთან კონსტრუქციული ურთიერთობისკენ ისწრაფვის.
სამშვიდობო შეთანხმება, რომელსაც პრეზიდენტმა ტრამპმა სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის შუამავლობით მიაღწია ტრანსფორმაციულ შესაძლებლობებს სთავაზობს მთელ სამხრეთ კავკასიას. საქართველოს შეუძლია როგორც საკუთარი წვლილი შეიტანოს, ისე დიდი სარგებელი მიიღოს იმ სტაბილურობიდან და კეთილდღეობიდან, რასაც ეს შეთანხმება ხდის შესაძლებელს.
ჩვენ გავაგრძელებთ ურთიერთობას საქართველოს მთავრობასთან იმ საკითხებზე, რომლებიც გავლენას ახდენს ჩვენს ორმხრივ ურთიერთობებსა და საქართველოში არსებულ პოლიტიკურ კლიმატზე. ჩვენ ასევე განვიხილავთ კონკრეტულ ნაბიჯებს, რომლებიც საქართველოს მთავრობამ შეიძლება გადადგას ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთობების განმტკიცებისა და წინსვლის მიმართ სერიოზული დამოკიდებულების დასადასტურებლად” - აღნიშნულია სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ წერილში.
ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტის ფარგლებში საქართველოს საპარლამენტო დელეგაციამ არაერთი შეხვედრა გამართა როგორც კონგრესში, ასევე სენატსა და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებთან, საქართველოს საპარლამენტო დელეგაციამ მონაწილეობა მიიღო სუვერენული ერების ალიანსის კონფერენციაში.
