ალეკო ელისაშვილის ბრალდებები, რუსულ სპეცოპერაციასთან დაკავშირებით, მიუღებელია ადრესატებისთვის. "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკური საბჭოს წევრის, ლაშა ფარულავას შეფასებით, ალეკო ელისაშვილის განცხადებები, განწირული, დაბეჩავებული ადამიანების სასოწარკვეთილი მოქმედებაა.
"რუსულ სპეცოპერაციაში მონაწილეობა მათ ძალიან ძვირად დაუჯდათ. იმაზე მეტი განაჩენი [რა იქნება], რაც მოქალაქეებმა მათ მიმართ გააკეთეს, როდესაც მხარი არ დაუჭირეს. ქართულმა საზოგადოებამ უარი თქვა რუსულ სპეცოპერაციაში მონაწილეობაზე. მათ მიიღეს მონაწილეობა, ქართველმა ხალხმა - არა, ეს არის მათთვის განაჩენი. ახლა ქვების სროლა ჩვენს მიმართ არის განწირული, დაბეჩავებული ადამიანების სასოწარკვეთილი მოქმედება," - განაცხადა ლაშა ფარულავამ.
ცნობისთვის, ალეკო ელისაშვილი თვითმმართველობის არჩევნებზე ოპოზიციის ბოიკოტს, რუსული სპეცოპერაციას უწოდებს. განცხადება "ლელო-ძლიერი საქართველოს" წევრმა ერთ-ერთ სატელევიზიო ეთერში გააკეთა. ელისაშვილი ახსენებს ჩანერგილებს, დაგეგმილ ავანტიურას და ოპოზიციის სტრატეგიულ შეცდომებზე საუბრობს. ამბობს, რომ არჩევნების ბოიკოტის იდეა მიზანმიმართულად იყო შემოგდებული.
