თბილისის საქალაქო სასამართლოში გზის გადაკეტვის ბრალდებით დაკავებული პირების ადმინისტრაციული საქმეების განხილვა გრძელდება. მათ შინაგან საქმეთა სამინისტრო აქციის გამართვისთვის დადგენილი წესების დარღვევას ედავება. დაკავებულების ნაწილს ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა, ნაწილის პროცესები ამ დრომდე გრძელდება.

მმართველი გუნდის წარმომადგენლები ამბობენ, რომ ყველა, ვინც კანონს დაარღვევს, კანონის წინაშე აგებს პასუხს.

“საზოგადოებამ იცის ძალიან კარგად, ეს არ არის სახალხო პროტესტი. ეს არის ერთი მუჭა ადამიანების, რადიკალების მიერ გარედან მართული რაღაც სცენარის ნაწილი იმისათვის, რომ შემდგომ უკვე ევროსტრუქტურებში საქართველოსადმი მტრულად განწყობილ კონკრეტულ ადგილებში ისაუბრონ იმაზე, თითქოს აგერ ასობით დღეა ქართველ ხალხს გააქვს რაღაც უწყვეტი პროტესტი და ეს ყველაფერი ქუჩის გადაკეტვაში გამოიხატება. ეს ყველაფერი არის მტკნარი სიცრუე. ერთი მუჭა ადამიანების პროტესტი, ეს არ არის ხალხის პროტესტი, ხოლო ყველა, ვინც კანონის წინაშე იქნება პასუხისმგებელი ბუნებრივია, რომ ვალდებული იქნება სათანადო პასუხი გასცეს იმ საკანონმდებლო დანაწესებს, რომელიც არის მიღებული“, - აცხადებს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე დავით მათიკაშვილი.