ოპოზიციური პარტიების ალიანსის შექმნიდან ერთ კვირაში, პარტიებს შორის მწვავე დაპირისპირებაა. 9 პოლიტიკური სუბიექტი, რომლის ყველა ლიდერი წინა ხელისუფლების მაღალჩინოსანი ან "ნაციონალურ მოძრაობასთან" დაკავშირებული პირია, ცდილობს წარსულს გაემიჯნოს.
სწორედ ეს გახდა მორიგი მიზეზი, რის გამოც პეტრე ცისკარიშვილი და თამარ ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში ერთმანეთს ღიად დაუპირისპირდნენ.
"ფედერალისტების" ლიდერი ცისკარიშვილს შეთანხმების დარღვევაში ადანაშაულებს.
"ნაციონალური მოძრაობის" წევრის, ლევან სანიკიძის განცხადებით, არსებული კონფლიქტი ძალიან სენსიტიური თემაა, რაზეც მათი პარტია ოფიციალურ განცხადებას გაავრცელებს.
"ბოქსი" კი არ არის რომელიმეს მხარეზე ვიყო, ამ კონფლიქტის გაღვივება არ მინდა. ეს არის საკმაოდ სენსიტიური საკითხი და ამასთან დაკავშირებით განცხადება გაკეთდება "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" მხრიდან. აქამდე, ოპოზიციონერებს, რომლებსაც წარსულში განსაკუთრებული დაპირისპირება ჰქონდათ, ეს ხალხი კი არ შერიგებულან, არამედ მორიგდნენ, რაღაც შეთანხმებას მოეწერა ხელი, რომლის აღსრულებასაც ახლა ვცდილობთ", - განაცხადა ლევან სანიკიძემ.
"ნაციონალური მოძრაობის" წევრის, ირაკლი ფავლენიშვილის შეფასებით, ყველაფერი კარგად არის.
"ყველაფერი არის კარგად, მიხეილ სააკაშვილმა ძალიან დადებით კონტექსტში ისაუბრა "თავისუფლების მოედნის" წარმომადგენლებზე", - განაცხადა ირაკლი ფავლენიშვილმა.
პარტია "ახლის" დამფუძნებლის, ნიკა გვარამიას თქმით, არსებულ კონფლიქტთან დაკავშირებით ალიანსში ისაუბრეს და მათ კიდევ ბევრი მუშაობა მართებთ ყველაფერზე.
"შეცდომა მოსულა. არ მოსულა შეცდომის იგნორირება. წარსულში მძიმე ურთიერთობების მაგალითებიც გვქონია, არავინ არ ვართ უცოდველი ამ ალიანსში. ამიტომ, არავის არ უთქვამს, რომ ეს მარტივი იქნება. ბევრი მუშაობა გვმართებს ყველაფრისთვის. პეტრეს პოსტიდან ჩანს მისი პირადი პოზიცია, რასაც პარტია გაემიჯნა. ალიანსში ამაზე ვისაუბრეთ, რადგან ეთიკის წესების დარღვევაა ეს, რაზეც შევთანხმდით და ყველამ ხელი მოვაწერეთ. "ნაციონალური მოძრაობა" მოიქცა, როგორც პასუხისმგებლობიანი ძალა", - განაცხადა ნიკა გვარამიამ.
