პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის, ლევან მახაშვილის თქმით, ეკლესიას თვითონ შეუძლია, ზედმეტი ჩარევების, დახმარებების, ზეწოლების გარეშე, თავად საუკეთესო პატრიარქი გამოარჩიოს.
მისი თქმით, ზოგიერთი მედია საშუალებები, რომლებიც პოზიციონირებენ თითქოს სიმართლეს აშუქებენ, რეალურად ეკლესიის და სხვა საზოგადოებრივი ინსტიტუტების მაქსიმალურად დაზიანებას ცდილობენ, სხვადასხვა ტიპის დეზინფორმაციული კამპანიებით.
"პატრიარქი ჯერ დაკრძალული არ იყო, უკვე იმავე წამიდან არის ეკლესიაზე თავდასხმა. არაფერს ვამბობ მანამდე არსებულ ანტიეკლესიურ კამპანიებზე. თავდასხმა იმისთვის, რომ მაქსიმალური განხეთქილება შეიტანონ ეკლესია, მაქსიმალური დაპირისპირება შეიტანონ და ავტორიტეტი შეულახონ ეკლესიას. ეს პერიოდი ყველასთვის ფაქტობრივად სარკეში ჩახედვაა, ყველამ თავისი სახე გამოაჩინა, ყველამ თვისი ინტერესები და მიზნები გამოაჩინა.
ყველა ხედავს რეალურად ვის რა ამოძრავებს. მართლა ქვეყნისთვის და ეკლესიისთვის სასიკეთო ინტერესები ამოძრავებს თუ პირიქით, მათი ინტერესია, რაც შეიძლება დაზიანდეს ეკლესია, როგორც ერთ-ერთი ფუნდამენტური, საზოგადოებრივი ინსტიტუტი.
ეს მედია საშუალებები, რომლებიც პოზიციონირებენ თითქოს სიმართლეს აშუქებენ, რეალურად მათ მთავარი მიზანი არის ეკლესიის და სხვა საზოგადოებრივი ინსტიტუტების მაქსიმალურად დაზიანება სხვადასხვა ტიპის დეზინფორმაციული კამპანიებით. დავაცადოთ ეკლესიას, მე დარწმუნებული ვარ, რომ მას შეუძლია თვითონ, ზედმეტი ჩარევების, დახმარებების, ზეწოლების გარეშე, თავად შეუძლია საუკეთესო პატრიარქის გამორჩევა", - განაცხადა ლევან მახაშვილმა.
