პატრიარქის დაკრძალვის შემდეგ, პირველ სხდომამდე ორი დღით ადრე, წმინდა სინოდის დისკრედიტაციის მცდელობა აქტიურად გრძელდება. სხვადასხვა მედია საშუალებები და გარკვეული პირები ავრცელებენ მცდარ ინფორმაციას, რომელსაც ამ დრომდე არცერთი მღვდელმსახური არ ადასტურებს.
ერთ-ერთი ტელევიზიის ეთერში ისიც ითქვა - თითქოს 3 აპრილს სინოდის სხდომაზე ეპისკოპოსების ნაწილი მართვა-გამგეობის დებულებას მოსაყდრე შიოს სასარგებლოდ შეცვლიან, რითაც მიტროპოლიტს კონკურენტებს ხელოვნურად ჩამოაშორებენ. ეს ყველაფერი მაშინ, როცა საპატრიარქო საზოგადოებას მოუწოდებს, თავი შეიკავონ მანიპულაციური ინფორმაციის გავრცელებისგან, პატივი სცენ ეკლესიას და დაელოდონ წმინდა სინოდის პირველ სხდომას.
საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენლის, მამა შალვა ჯაჯანიძის თქმით, სინოდის სხდომა 3 აპრილს, 12:00 საათზე ჩაინიშნა და ძირითადად ტექნიკური საკითხები განიხილება.
"ჩაინიშნა 3 აპრილს, 12:00 საათზე სინოდის სხდომა და კონკრეტულ დეტალებზე იქნება საუბარი, რაც არის გაწერილი მართვა-გამგეობის დებულებაში. მოგეხსენებათ, რომ მართვა-გამგეობის დებულება მიღებულია 1995 წელს. მაშინ იყო განსხვავებული რეალობა, განსხვავებული მოცემულობა კონკრეტულ საკითხებზე. მაგალითად: ეკლესია-მონასტრები არ იყო საქართველოში ბევრი და მას მერე, ძალიან ბევრი ეკლესია-მონასტერი აშენდა, ეპარქიები გამრავლდა. უბრალოდ ტექნიკურ საკითხებზე იქნება საუბარი, რამდენი წარმომადგენელი ეყოლება ეკლესია-მონასტრებს, რამდენი დელეგატი იქნება ეპარქიებიდან და მსგავს ტექნიკურ საკითხებზე იქნება საუბარი. სინოდი არის ის ორგანო, რომელიც გამოარჩევს ახალ პატრიარქს. გაფართოებული კრება უნდა შედგეს, კრების წინამოსამზადებელი სინოდია, ასე რომ ვთქვათ, და უნდა მოხდეს ორგანიზება ყველაფრის, მათ შორის, თუ როგორ მოხდება პატრიარქის არჩევა. ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, გაწერილია, მაგრამ ტექნიკური საკითხების დაზუსტება, რაც არ არის კონკრეტულად მითითებული, ამ საკითხებზე იქნება მსჯელობა", - განაცხადა მამა შალვა ჯაჯანიძემ.
