სახელმწიფო იქნება პასუხისმგებელი, რომ ნარკოდამოკიდებულ ადამიანს, რა თქმა უნდა, მიეწოდოს შესაბამისი დახმარება, თუმცა არავინ არ იყოს წახალისებული მოხმარების კუთხით, - ამის შესახებ პარლამენტის ერთ-ერთმა ვიცე-სპიკერმა, ნინო წილოსანმა განაცხადა.
ნინო წილოსანი კიდევ ერთხელ საუბრობს პრემიერ-მინისტრის ორი საკანონმდებლო ინიციატივის მნიშვნელობაზე.
"თუ კერძო შემთხვევებში, ამ ორივე მიმართულებით ბოროტად სარგებლობდნენ ადამიანები და, პირიქით, ნარკომომხმარებლების განკურნებაზე და მათ დახმარებაზე კი არ იყვნენ ორიენტირებულნი, არამედ, პირიქით, ნარკოტიკების გავრცელებაზე, ამ შემთხვევაში, სრულად იქნება ეს აღმოფხვრილი და სახელმწიფო იქნება პასუხისმგებელი, რომ ნარკოდამოკიდებულ ადამიანს, რა თქმა უნდა, მიეწოდოს შესაბამისი დახმარება, თუმცა არავინ იყოს წახალისებული მოხმარების კუთხით," - აღნიშნა ნინო წილოსანმა.
ცნობისთვის, ნარკომანიასთან ბრძოლის მიმართულებით, პრემიერ-მინისტრის ორი საკანონმდებლო ინიციატივის განხილვას, პარლამენტი დაჩქარებული წესით მომავალი კვირიდან, რიგგარეშე სხდომებზე დაიწყებს. ერთ-ერთი მათგანი ჩანაცვლებით თერაპიას ეხება. მთავრობის გადაწყვეტილებით, ე.წ. მეთადონის პროგრამას მხოლოდ სახელმწიფო განახორციელებს. მეორე ინიციატივა კი კერძო კომპანიებისთვის ფსიქოტროპული მედიკამენტების იმპორტის აკრძალვას გულისხმობს. ქვეყანაში მათი შემოტანა და რეალიზაცია მხოლოდ სახელმწიფოს პრეროგატივა იქნება.