შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ნარკოდანაშაულის ბრალდებით 1990 წელს დაბადებული ა.მ. დააკავეს.

შსს-ის ცნობით, დანაშაული 12 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

"გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული, ბაზალეთის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე, დროებით ნაქირავები სახლში ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო კულტივირებას ახდენდა.

სამართალდამცველებმა ა.მ.-ს მიერ სპეციალურად მოწყობილი სათბურებიდან, განსაკუთრებით დიდი ოდენობით - 136 ძირი ნარკოტიკული საშუალება მცენარე "კანაფი" ნივთმტკიცებად ამოიღეს.

გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო კულტივირების ფაქტზე მიმდინარეობს, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 265-ე მუხლით," - ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.