შეგვიძლია, ძალიან გულწრფელად ვთქვათ, რომ თუკი ჩვენ გვინდა მოვისმინოთ პარლამენტის ტრიბუნიდან პასუხისმგებლობიანი პოლიტიკოსისა და ლიდერის ხედვა, ჩვენ ეს დღეს მოვისმინეთ საქმეზე ორიენტირებულად და არა პიარზე გათვლილი, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, პარტია „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ პარლამენტში პრემიერ-მინისტრის გამოსვლაზე საუბრისას.

მისივე თქმით, პარლამენტში ქვეყნის ლიდერი მათ დღეს საქმეზე ესაუბრებოდა.

„რაც შეეხება იმას, თუ როგორი საქართველო გვინდა ჩვენ, რომ მას მხარი დავუჭიროთ, იმ იდეების განხორციელებაში, რასაც დღეს საპარლამენტო ტრიბუნიდან პარლამენტისა და საზოგადოების წინაშე ბრძანებდა, პირველ რიგში, უნდა დავუსვათ საკუთარ თავს კითხვა, ნებისმიერ ქართველს, საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს უნდა ვკითხოთ, როგორი საქართველოს აშენება გვინდა ჩვენ და როგორია ჩვენი ქართული ოცნება.

რამდენიმე წლის წინ რომელიმე ჩვენგანს რომ ეთქვა, რომ საქართველო შეიძლება გახდეს ევროპული ღირებულებების დისტრიბუტორი ევროპაში, ალბათ საშინლად დავიცინებოდით, მაგრამ დღეს აბსოლუტურად რეალური გახდა საბედნიეროდ და სამწუხაროდ! საბედნიეროდ იმიტომ, რომ ჩვენ ამისი თქმის საფუძველი გვაქვს და ჩვენ ეს შეგვიძლია, იმიტომ რომ ჩვენთვის ევროპა და ევროპულობა არის ქრისტიანული ღირებულებების, ოჯახისა და მშობლების, სარწმუნოების პატივისცემა, სამშობლოს განცდა, საკუთარი ქვეყნისა და ხალხის. სამწუხაროდ - იმიტომ, რომ საჭირო გახდა ამის დისტრიბუცია ევროპაში, რადგან ევროპელმა ლიდერებმა დღეს სამწუხაროდ, მთლიანად გამოფიტეს ევროპა ევროპულობისგან. ამიტომ, ჩვენ გვიწევს ისეთი სიტყვების, ფრაზების, წინადადებების თქმა და ისეთი ნაბიჯების გადადგმა, რომ ევროპელებს, ევროპას ვუთხრათ, დღევანდელი ბიუროკრატიის უდიდესი და უმნიშვნელოვანესი ნაწილი არ ემსახურება ევროპულ ღირებულებებს. ზოგადად, არ ემსახურება ადამიანურ ღირებულებებს. ჩვენ ვიქნებით ერთ-ერთი მთავარი ქვეყანა და ადამიანები, ვინც განვახორციელებთ ამ ღირებულებებზე სწორ ორიენტაციას“, - განაცხადა მდინარაძემ.