"მე მაინტერესებს თავიანთ ქვეყნებში პოლიტიკოსებს იგივე რომ გაეკეთებინათ, რა გადაწყვეტილებას მიიღებდნენ“, - ასე გამოეხმაურა დედაქალაქის მერი ევროსაბჭოში გამართულ დებატებს, სადაც საქართველოში პოლიტიკოსების დაკავების საკითხზე ისაუბრეს.
როგორც კახა კალაძემ მედიასთან საუბრისას აღნიშნა, კონკრეტული პოლიტიკოსები არ გამოცხადდნენ პარლამენტის საგამოძიებო კომისიის სხდომაზე, რასაც კანონის ფარგლებში შესაბამისი რეაგირება მოჰყვა.
"წარმოუდგენელია ამ ტიპის განცხადებების გაკეთება. ისინი თეთრზე პირდაპირ გვიმტკიცებენ, რომ შავია. რეალობა ხომ ვიცით ყველამ და იცის ქვეყნის მოსახლეობამ - ამ ადამიანებს აქვთ კონკრეტული დანაშაული, ისინი არ გამოცხადდნენ პარლამენტის საგამოძიებო კომისიის სხდომაზე. ყველაფერი კანონშია გაწერილი, თუ რა ხდება არგამოცხადების შემთხვევაში. რა თქმა უნდა, ხელისუფლებამ გადადგა შესაბამისი ნაბიჯები.
განცხადებები, რასაც ჩვენ ბოლო წლებსა და თვეებში ვისმენთ, კიდევ ერთხელ მიუთითებს შანტაჟზე, საზოგადოების შეცდომაში შეყვანაზე და ორმაგ სტანდარტზე. მე მაინტერესებს თავიანთ ქვეყნებში პოლიტიკოსებს იგივე რომ გაეკეთებინათ, რა გადაწყვეტილებას მიიღებდნენ“, - აღნიშნა თბილისის მერმა.