პარლამენტის წევრს პოლიტიკური ბოიკოტის მოტივით სრული პლენარული სხდომის გაცდენა არასაპატიო გაცდენად ჩაეთვლება.
შესაბამისი ცვლილება პარლამენტის რეგლამენტში შედის, რომელიც პირველი მოსმენით დღეს საპროცედურო საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განიხილეს. ცვლილებების მიხედვით, ბოიკოტი შეიძლება გამოცხადდეს არა ზოგადად პლენარული სხდომის, არამედ სხდომის დღის წესრიგით გათვალისწინებული კონკრეტული საკითხის მიმართ.

კერძოდ, დეპუტატს პლენარული სხდომა არასაპატიო მიზეზით გაცდენილად არ ჩაეთვლება, თუ ფრაქცია ან უფრაქციო პარლამენტის წევრი პოლიტიკური შეხედულებების გამო არ მონაწილეობს პლენარული სხდომის დღის წესრიგით გათვალისწინებული კონკრეტული საკითხის განხილვასა და გადაწყვეტაში. პარლამენტის წევრმა ბოიკოტის განცხადებით პარლამენტის თავმჯდომარეს წერილობით უნდა მიმართოს ან ზეპირად განაცხადოს სხდომის მსვლელობისას. ბოიკოტის განცხადებაში კი უნდა მიეთითოს დღის წესრიგის საკითხი, რომლის განხილვასა და გადაწყვეტაში მონაწილეობაზეც ცხადდება ბოიკოტი.

კომიტეტის სხდომაზე, საკითხის წარდგენისას პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, საპარლამენტო პრაქტიკამ აჩვენა, რომ საპარლამენტო სუბიექტები ბოიკოტის მექანიზმს ხშირად არაკეთილსინდისიერად, პლენარული სხდომის გაცდენის არასაპატიოდ ჩათვლის თავიდან ასაცილებლად იყენებდნენ.