ნარკომანიასთან ბრძოლის მიმართულებით, პრემიერ-მინისტრის ორი საკანონმდებლო ინიციატივის განხილვას, პარლამენტი დაჩქარებული წესით მომავალი კვირიდან, რიგგარეშე სხდომებზე დაიწყებს. ერთ-ერთი მათგანი ჩანაცვლებით თერაპიას ეხება.
ცვლილებებს ოპოზიცია სკეპტიკურად უყურებს.
"მე შემიძლია ვთქვა, რომ ჩვენ ნარკოპოლიტიკა არ გვაქვს. ნარკოპოლიტიკა არის ძალიან ვრცელი და ეს არ არის მხოლოდ ჩანაცვლებითი თერაპია, ან ვიღაცის დასჯა. რა თქმა უნდა, ნარკოტიკული საშუალების გამყიდველები უნდა დაისაჯონ ძალიან მკაცრად, მაგრამ მომხმარებელი არის პაციენტი და მას სჭირდება მიდგომა, როგორც ავადმყოფს და არა როგორც კრიმინალს. თუ რაღაც დარღვეულია კი არ უნდა ავკრძალოთ, უნდა გავაძლიეროთ კონტროლი," - აღნიშნა "ლელო - ძლიერი საქართველოს" პოლიტიკური საბჭოს წევრმა, ვახტანგ სურგულაძემ.
ცნობისთვის, მთავრობის გადაწყვეტილებით, ე.წ. მეთადონის პროგრამას მხოლოდ სახელმწიფო განახორციელებს. მეორე ინიციატივა კი კერძო კომპანიებისთვის ფსიქოტროპული მედიკამენტების იმპორტის აკრძალვას გულისხმობს. ქვეყანაში მათი შემოტანა და რეალიზაცია მხოლოდ სახელმწიფოს პრეროგატივა იქნება.