პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობის ფაქტზე, "ნაციონალური მოძრაობის" ყოფილ დეპუტატს, გივი თარგამაძეს თბილისის საქალაქო სასამართლომ 7 თვით პატიმრობა შეუფარდა, ასევე აუკრძალა ორი წლით თანამდებობის დაკავება.

გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოში ცოტა ხნის წინ გამოცხადდა.

ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, რომელსაც დღეს სიტყვის უფლებით უნდა ესარგებლა, განაჩენის გამოცხადებას არ დასწრებია.

გივი თარგამაძე პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიაზე 3 აპრილს იყო დაბარებული, თუმცა არ გამოცხადდა. მას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 349-ე მუხლით წარედგინა, რაც "საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობას" გულისხმობს.

საქალაქო სასამართლომ მას, აღკვეთის ღონისძიების სახით, 10 000-ლარიანი გირაო შეუფარდა, რაც მან კანონით დადგენილ ვადაში გადაიხადა.