ხულოს მუნიციპალიტეტის მაღალი ზონის სოფლებში თოვლის საფარმა მეტრ-ნახევარს მიაღწია. ინტენსიური თოვლის გამო, შექმნილია საგანგებო სიტუაციების მართვის შტაბი.

მუნიციპალიტეტის მერის, ვახტანგ ბერიძის განცხადებით, გზების გაწმენდითი სამუშაოები აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს.

"უკვე მეორე დღეა, ხულოს მუნიციპალიტეტში ინტენსიურად თოვს. თოვლის საფარმა მაღალი ზონის სოფლებში მეტრ-ნახევარს გადააჭარბა, ხოლო დაბასა და მიმდებარე სოფლებში ერთი მეტრია.

მიმდინარეობს გზების გაწმენდითი სამუშაოები. ამ დროისთვის, ყველა ადმინისტრაციული ერთეულისკენ მიმართული გზების გაწმენდა დაწყებულია, ასევე დაბა ხულოში, ყველა სტრატეგიულ ობიექტთან მისასვლელი გზა გაწმენდილია", - განაცხადა ვახტანგ ბერიძემ.