"მადლობა ყველაფრისთვის უწმინდესო" - ამ სიტყვებით ემშვიდობებოდა საქართველო ილია მეორეს. მადლობა და დუმილი, რომელმაც ყველა გააერთიანა.
ქართველი ხალხი ასეთი მდუმარე და თან ხმაურიანი ალბათ არასდროს ყოფილა. ბოლო დღეების განმავლობაში, განსაკუთრებით დღევანდელ დღეს, თვალს ვადევნებდით ისტორიულ პროცესს და კადრებს, რომელიც ილია მეორის ეპოქალური მოღვაწეობის ნამდვილი სახედ იქცა.
ქართული ჯარი, პოლიცია, სტიქაროსნები, მედროშეები, ჩოხოსნები და ილია მეორის სულიერი შვილები - კათოლიკოს-პატრიარქი სრულიად საქართველომ გააცილა. ქართველი ხალხის ერთიანობის სიმბოლოს ყველა დაემშვიდობა.
ქართულ ჯარს, საქართველოს დროშებით ხელში, სპეციალური დერეფანი ჰქონდა მოწყობილი - ეს იყო გზა, რომელიც ილია მეორემ უკანასკნელად გაიარა. უწმინდესი, რომელიც მუდამ ქართული ეკლესიისა და ერის საყრდენი იყო, სამების საკათედრო ტაძრიდან საბოლოო განსასვენებლამდე გალობის ფონზე გამოაცილეს.
