"განუზომელი იყო და არის ჩვენი ერის სიყვარული ჩვენი პატრიარქის მიმართ. უფალი ღმერთი თავის რჩეულებს საქართველოში აძლევდა ხანგრძლივ სიცოცხლეს. ჩვენ იმედი გვქონდა, რომ ჩვენი საყვარელი პატრიარქი მიაღწევდა გრიგოლ ხანძთელის ასაკს 105 წელს, მაგრამ ადრე დაგვტოვა, რადგანაც მან აღასრულა თავისი ვალი", - განაცხადა მანგლისისა და თეთრიწყაროს მიტროპოლიტმა ანანია ჯაფარიძემ პატრიარქის გამოსამშვიდობებელ სიტყვაში, რომელიც მან სიონის საკათედრო ტაძარში წარმოთქვა.
მიტროპოლიტის თქმით, ამ მძიმე დღეებში მაცხოვარი იესო ქრისტე ამხნევებს ქართველ ხალხს.
"დღეს მწუხარე არის ჩვენი სული. ჩვენი ერი, როგორც ეს ამ დღეებში ვიხილეთ, გლოვობს ერის ჭეშმარიტი მამის, უწმინდესიs და უნეტარესის, კათალიკოს-პატრიარქის, ილია მეორის გარდაცვალებას. ამ მძიმე დღეებში, ჩვენი მაცხოვარი იესო ქრისტე გვამხნევებს და მოციქულიც ამბობს - რაკი სარწმუნოებით გამართლებული ვართ, მშვიდობა გვაქვს ღვთის მიმართ, ჩვენი უფლის იესო ქრისტეს მიერ. ბრძანებს მოციქული პავლე და იქვეა ნაბრძანები "გასაჭირი შეიქმს მოთმინებას, მოთმინება სიმტკიცეს, სიმტკიცე სასოებას, სასოება კი ღვთის სიყვარულს გვინერგავს", რადგან ვიცით, რომ ჩვენს სამშობლოს შეემატა ზეციური მეოხება.
განუზომელი იყო და არის ჩვენი ერის სიყვარული ჩვენი პატრიარქის მიმართ. უფალი ღმერთი თავის რჩეულებს საქართველოში აძლევდა ხანგრძლივ სიცოცხლეს. ჩვენ იმედი გვქონდა, რომ ჩვენი საყვარელი პატრიარქი მიარწევდა გრიგოლ ხანძთელის ასაკს 105 წელს, მაგრამ ადრე დაგვტოვა, რადგანაც მან აღასრულა თავისი ვალი. ის იყო კლდე, უმტკიცესი საყრდენი, რომელზეც მან თვით ააგო თანამედროვე საქართველოს ეკლესია, განუმტკიცა საზღვრები, მოუპოვა სრული ავტოკეფალია, აღადგინა ძველი, ათასწლოვანი საეპისკოპოსო კათედრები, შექმნა მრავალი ახალი ეპარქია, ახალ ქართულ ენაზე გადმოიღო და ათარგმნინა წმინდა ბიბლია, დააფუძნა უმაღლესი სასწავლებლები და სხვა მრავალი და დიდი საქმე. თითქმის ნახევარი საუკუნე მქონდა ბედნიერება ვყოფილიყავი მისი მოწაფე და შემდეგ მღვდელმთავარი", - განაცხადა მანგლისისა და თეთრიწყაროს მიტროპოლიტმა ანანია ჯაფარიძემ.
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი, ილია მეორე სიონის საკათედრო ტაძარში მიასვენეს. პატრიარქის სურვილის მიხედვით, სწორედ სიონის ტაძარი იქნება მისი სამუდამო განსასვენებელი, რომელიც მომზადდა ტაძრის ჩრდილოეთით, იქ, სადაც ერის უდიდესი სიწმინდეები - ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ივერიის ხატი და წმინდა ნინოს ჯვარია დაბრძანებული.
