რა ვითარებაა სოფელ კურსებში და მოსალოდნელია თუ არა მიწის განმეორებითი ჩამოსვლა - სტიქიის ზონაში ამ დრომდე რჩებიან გეოლოგები. პირველადი დასკვნა უახლოეს დღეებში მზად უნდა იყოს.
მეწყერმა სოფელში სრულად გაანადგურა 10 საცხოვრებელი სახლი, ევაკუირებულია 45 ოჯახი. წაქცეულია ხეები, დაზიანებულია ავტომობილები და გზები. დაშავებული არავინაა. შექმნილია საგანგებო შტაბი.
გარემოს ეროვნული სააგენტოს გეოლოგის, ანრი ნამიჭეიშვილის თქმით, ამ ეტაპზე, მეწყრული პროცესი აქტიურ ფაზაშია.
"გარემოს ეროვნული დეპარტამენტის გეოლოგიის დეპარტამენტის სპეციალისტების სამი ჯგუფის მიერ, 12 მარტს, დილის საათებიდან მონიტორინგი გრძელდება ადგილზე. წინასწარი შეფასებით, ადგილი აქვს მეწყრული სხეულის რეაქტივიზაციას. მიმდინარეობს საველე-საფეხმავლო გეოლოგიური დაკვირვებები და დრონით მონიტორინგი, რათა განისაზღვროს მეწყრის გადაადგილების დინამიკა და რისკის ზონები. ამ ეტაპზე, მეწყრული პროცესი აქტიურ ფაზაშია და ვაგრძელებთ გეომონიტორულ დაკვირვებას. დაახლოებით 58-60 ჰექტარზეა საუბარი და, ამ ეტაპზე, ადგილზე ვრჩებით", - განაცხადა გარემოს ეროვნული სააგენტოს გეოლოგმა, ანრი ნამიჭეიშვილმა.
