17 მაისამდე ქვეყანას ახალი პატრიარქი უნდა ჰყავდეს. ზუსტად ათი დღე რჩება იმ ისტორიულ თარიღამდე, როდესაც, საეკლესიო რეგლამენტის მიხედვით, კათოლიკოს-პატრიარქის არჩევის პროცესი უკვე დასრულებული უნდა იყოს. გადამწყვეტი კენჭისყრისთვის მზადება გრძელდება. გაფართოებული კრება მომავალ კვირას გაიმართება.

თემაზე, ერთ-ერთი მედიის ეთერში ისაუბრა ახალქალაქის, კუმურდოსა და კარის მიტროპოლიტმა. მეუფე ნიკოლოზის განცხადებით, საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, მეუფე შიოს კანდიდატურას სინოდში დიდი მხარდაჭერა აქვს. ის ღირსეული კანდიდატია, რაც მიღებული ხმების რაოდენობითაც დადასტურდა.

"მეუფე შიო ღირსეული ადამიანია, ეს დადასტურდა იმ ხმების რაოდენობით, რაც მიიღო. არავინ არავის აძალებდა, ფარული კენჭისყრა იყო. შიომ ოცი ხმა მიიღო, ამაზე მეტი არ არის საჭირო იმისთვის, რომ ხალხი დაარწმუნო იმაში, რომ მეუფე შიო უნდა იყოს პატრიარქი. მგონია, რომ ისევ ასე მოხდება ხმათა გადანაწილება. როგორც სინოდი გადაწყვეტს ისე იქნება", - განაცხადა მეუფე ნიკოლოზმა.

მიტროპოლიტმა მეუფე ზენონის კრიტიკულ განცხადებებსაც უპასუხა.

მეუფე ნიკოლოზმა აღნიშნა, რომ მსგავს ბრალდებებს "აუცილებლად უნდა ახლდეს დასაბუთება". მისივე თქმით, გაუგებარია, რატომ გამოაქვთ საჯაროდ ის საკითხები, რომლებზეც სინოდის სხდომებზე დაძაბულობა არასდროს ყოფილა.