აშშ-ის ცენტრალური სარდლობის განცხადებით, ამერიკულმა ძალებმა, ოთხშაბათს, აღმოსავლეთის დროით დილის 9 საათზე, ომანის ყურეში ცეცხლი გაუხსნეს და მწყობრიდან გამოიყვანეს ირანის დროშის ქვეშ მცურავი ტანკერი. ამის შესახებ ინფორმაციას ABCNEWS-ი ავრცელებს.

მედიის ინფორმაციით, პრესრელიზში, აშშ-ის ცენტრალურმა სარდლობამ განაცხადა, რომ ცარიელი ტანკერი, "მრავალი გაფრთხილების" მიუხედავად, ირანის პორტის მიმართულებით გადაადგილებას ცდილობდა.

"აშშ-ის ცენტრალური სარდლობის (CENTCOM) ძალები აკვირდებოდნენ ტანკერ M/T Hasna-ს, როდესაც ის საერთაშორისო წყლებში, ომანის ყურეში, ირანის პორტისკენ მიემართებოდა. აშშ-ის ძალებმა არაერთხელ გააფრთხილეს ირანის დროშის ქვეშ მცურავი გემი, აშშ-ის ბლოკადის დარღვევის შესახებ", - ნათქვამია CENTCOM-ის მიერ, ოთხშაბათს გავრცელებულ პრესრელიზში.

ოფიციალური პირების თქმით, მას შემდეგ, რაც Hasna-ს ეკიპაჟმა მოთხოვნა არ შეასრულა, აშშ-ის სამხედრო ძალებმა, F/A-18 Super Hornet-ის ტიპის გამანადგურებლიდან რამდენიმე გასროლა განახორციელეს, რომელიც ავიამზიდ USS Abraham Lincoln-დან აფრინდა.

"გასროლამ ტანკერის საჭე დააზიანა, რის გამოც ის უმოძრაოდ დარჩა. Hasna-ს ირანში სატრანზიტო მარშრუტი შეწყვეტილია", - ნათქვამია აშშ-ის ცენტრალური სარდლობის განცხადებაში.