სამების საკათედრო ტაძარში კათოლიკოს-პატრიარქის მიერ შექმნილი საგალობლები სრულდება - "კირიე ელეისონ“, "წმინდაო ღმერთო“...

ილია II არაერთი მუსიკალური ნაწარმოებისა და გალობის ავტორია, მათ შორისაა საზოგადოებისთვის ცნობილი საგალობლები: "წმინდაო ღმერთო", "მოდი ჩემთან, უფალო", "კირიე ელეისონ", "იხარებს სული შენი", "ევქარისტია“, "დავიღალე“, "ალილუია“, "Agnus dei“, “Te deum”, "ერეკლეს ლოცვა“, "Ave Maria“, - ეს პატრიარქის შექმნილი საგალობლებისა და მუსიკალური ნაწარმოებების არასრული სიაა.

ცნობისთვის, 12 საათის შემდეგ, სამებაში კონსტანტინოპოლის - ახალი რომის მთავარეპისკოპოსი და მსოფლიო პატრიარქი, ყოვლადუწმინდესი ბართლომეოს პირველი საპატრიარქო ტახტის მოსაყდრესთან და სინოდის წევრებთან ერთად უწმინდესისა და უნეტარესის, ილია II-ის წესის აგების მსახურებას შეასრულებს.

ცერემონიას დაესწრება სხვადასხვა დელეგაცია, დაგეგმილია სიტყვით გამოსვლებიც. ვატიკანის დელეგაცია უკვე საქართველოშია. ქრისტიანთა ერთობის ხელშეწყობის დიკასტერიის პრეფექტს, კარდინალ კურტ კოხსა და მის თანმხლებს პირებს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში პაპის დესპანი, მთავარეპისკოპოსი ანტე იოზიჩი, მრჩეველი, და ვატიკანის საელჩოს წარმომადგენლები დახვდნენ.

ილია მეორეს სამების ტაძრიდან დღის 3 საათისთვის გამოასვენებენ და სიონის საპატრიარქო ტაძრისკენ ფეხით მსვლელობა დაიწყება.

სიონის ტაძრამდე გზაზე, მოეწყობა ცოცხალი დერეფანი, ასევე მოქალაქეებს საშუალება ექნებათ, ამ გზაზე დამონტაჟებულ ეკრანებზე თვალი ადევნონ სრულ მსახურებას პირდაპირ ეთერში. უწმინდესისა და უნეტარესის, ილია მეორის დაკრძალვის დროს სიონის ტაძარში მხოლოდ სასულიერო პირები იქნებიან.

კათოლიკოს-პატრიარქის სიონის ტაძარში დასვენებიდან დაკრძალვამდე საქართველოს ყველა მოქმედ ტაძარში სამგლოვიარო ზარები დაირეკება.