სამების ტაძარში უწმინდესისა და უნეტარესის, ილია II-ის წესის აგების მსახურება დაიწყო. ღვთისმსახურებას კონსტანტინოპოლის - ახალი რომის მთავარეპისკოპოსი და მსოფლიო პატრიარქი, ყოვლადუწმინდესი ბართლომეოს პირველი საპატრიარქო ტახტის მოსაყდრესთან და სინოდის წევრებთან ერთად ასრულებს.

ცერემონიას ესწრება სხვადასხვა დელეგაცია, დაგეგმილია სიტყვით გამოსვლებიც. მსახურებას ესწრება ვატიკანის დელეგაცია. ქრისტიანთა ერთობის ხელშეწყობის დიკასტერიის პრეფექტს, კარდინალ კურტ კოხსა და მის თანმხლებს პირებს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში პაპის დესპანი, მთავარეპისკოპოსი ანტე იოზიჩი, მრჩეველი, და ვატიკანის საელჩოს წარმომადგენლები დახვდნენ.

ილია მეორეს სამების ტაძრიდან დღის 3 საათისთვის გამოასვენებენ და სიონის საპატრიარქო ტაძრისკენ ფეხით მსვლელობა დაიწყება.

სიონის ტაძრამდე გზაზე, მოეწყო ცოცხალი დერეფანი, ასევე მოქალაქეებს საშუალება ექნებათ, ამ გზაზე დამონტაჟებულ ეკრანებზე თვალი ადევნონ სრულ მსახურებას პირდაპირ ეთერში. უწმინდესისა და უნეტარესის, ილია მეორის დაკრძალვის დროს სიონის ტაძარში მხოლოდ სასულიერო პირები იქნებიან.

კათოლიკოს-პატრიარქის სიონის ტაძარში დასვენებიდან დაკრძალვამდე საქართველოს ყველა მოქმედ ტაძარში სამგლოვიარო ზარები დაირეკება. ბოლო დღეების განმავლობაში ელიას მთის შემაღლებული ბორცვისკენ მთელი ერი დაუღალავად, დაუსრულებელ რიგში იდგა. პატრიარქისთვის უკანასკნელი სიტყვების თქმა ყველას უნდოდა დიდსა თუ პატარას, ახალგაზრდას თუ მოხუცს.