სამების საკათედრო ტაძარში კათოლიკოს-პატრიარქისთვის წესის აგების მსახურება დასრულდა. მსახურება მსოფლიო პატრიარქმა ბართლომეოს პირველმა, საპატრიარქო ტახტის მოსაყდრესთან, მიტროპოლიტ შიოსა და საქართველოს ეკლესიის წმინდა სინოდის წევრებთან ერთად აღასრულა. გამოსამშვიდობებელ ლიტურგიას ხუთი მართლმადიდებელი ავტოკეფალური ეკლესიის მეთაური ესწრება.

მსოფლიო მართლმადიდებლობის სულიერი ლიდერის ჩამოსვლა და გამოსამშვიდობებელ მსახურებაში მისი პირადი მონაწილეობა ფაქტობრივად უპრეცედენტო მოვლენაა, რაც კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს იმ ეპოქალურ მნიშვნელობასა და უდიდეს პატივისცემას, რომლითაც ილია II მთელ ქრისტიანულ სამყაროში სარგებლობდა.

კათოლიკოს-პატრიარქს სამების ტაძრიდან დღის 3 საათისთვის გამოასვენებენ და სიონის საპატრიარქო ტაძრისკენ ფეხით მსვლელობა დაიწყება.

სიონის ტაძრამდე გზაზე მოწყობილია ცოცხალი დერეფანი, ასევე მოქალაქეებს საშუალება ექნებათ დამონტაჟებულ ეკრანებზე თვალი ადევნონ სრულ მსახურებას პირდაპირ ეთერში.

კათოლიკოს-პატრიარქის სიონის ტაძარში დასვენებიდან დაკრძალვამდე საქართველოს ყველა მოქმედ ტაძარში სამგლოვიარო ზარები დაირეკება.

მსოფლიო პატრიარქი სამების საკათედრო ტაძარში დელეგაციასთან ერთად მივიდა. ბართლომეოს პირველმა, გვირგვინით შეამკო საკურთხევლის წინ დასვენებული სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ჩასასვენებელი. მსახურების დაწყებამდე, ის ტაძარში საპატრიარქო ტახტის მოსაყდრეს მეუფე შიოს, სინოდის წევრებს, პრემიერს, პრეზიდენტს, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლებს და "ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარეს, ბიძინა ივანიშვილს მიესალმა.