საპატრიარქოს ეზოში დღეს მომხდარი ინციდენტის შედეგად არავინ დაშავებულა. როგორც სასულიერო პირები მედიასთან ამბობენ, შემთხვევის დეტალებს არკვევენ.

"არავინ არ არის დაშავებული. არ ვიცი რა მოხდა, არკვევენ ახლა" - განაცხადა ერთ-ერთმა სასულიერო პირმა ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ.

შეგახსენებთ, დღეს, საპატრიარქოს ეზოში ავტომობილი შევარდა, რომელმაც შლაგბაუმი დააზიანა და ჭიშკარი შეანგრია. მძღოლი დაკავებულია.

თვითმხილველების თქმით, "ტოიოტა პრიუსის" მძღოლი ეკლესიის მიმართ შეურაცხმყოფელ განცხადებებს აკეთებდა.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც სხვისი ნივთის დაზიანებას გულისხმობს.