ირანის "ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსმა" (IRGC) განაცხადა, რომ ბოლო 24 საათის განმავლობაში, ირანის ხელისუფლებასთან კოორდინაციით, აშშ-ის მიერ ირანის პორტების მიმდინარე ბლოკადის ფონზე, ჰორმუზის სრუტეში 26-მა სავაჭრო გემმა გაიარა. ინფორმაციას cbsnews-ი ავრცელებს.
"ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის" საზღვაო ძალების განცხადებაში ნათქვამია, რომ გემებს შორის იყვნენ ნავთობტანკერები, კონტეინერმზიდები და სხვა კომერციული გემები. ასევე აღნიშნულია, რომ სრუტეში ტრანზიტი "გრძელდება ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის საზღვაო ძალებთან ნებართვით და კოორდინაციით".
მედიის ინფორმაციით, ირანი ამტკიცებს, რომ ის სრუტეში საზღვაო მოძრაობას აკონტროლებს და შექმნა ახალი მექანიზმი, რომელიც საერთაშორისო გადამზიდებს საშუალებას აძლევს, ირანული ხელისუფლების კოორდინაციით, სრუტეში უსაფრთხოდ გაიარონ - ხშირად დიდი საფასურის სანაცვლოდ.
შეზღუდვები, აშშ-ის სამხედროების მიერ, ამ რეგიონში, ირანის პორტებისა და მათთან დაკავშირებული გემების ბლოკადის საპასუხოდ დაწესდა.
ცნობისთვის, ირანმა აპრილის დასაწყისიდან ფაქტობრივად დაბლოკა სრუტეში ნაოსნობა და შეერთებულ შტატებს ბრალი დასდო ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მოქმედი შეთანხმების დარღვევაში. სრუტე სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი სატრანზიტო მარშრუტია მსოფლიოში ნედლი ნავთობის მარაგების დაახლოებით ერთი მეხუთედისთვის.
