გერმანიაში ფრენების რაოდენობა მნიშვნელოვნად შემცირდა - ავიაკომპანია Lufthansa-ს პილოტებმა და ბორტგამცილებლებმა ღამით გაფიცვა დაიწყეს, - იუწყება გამოცემა Bild-ი. გაფიცვის ფაქტი UFO-ს პროფკავშირის წარმომადგენელმაც დაადასტურა.
"შედეგები სერიოზულია: 24-საათიანი გათიშვის გამო, გერმანიის უმსხვილესი ავიაკომპანიის ასობით თვითმფრინავი მიწაზე რჩება. კომპანიამ თავდაპირველად არ დააკონკრეტა გაუქმებული ფრენების ზუსტი რაოდენობა, მაგრამ გამოაცხადა "ფრენების მასშტაბური გაუქმების" შესახებ", - წერს გერმანული გამოცემა.
მგზავრებს ურჩევენ, რომ ინფორმაცია ძირითადად ონლაინ მოიძიონ და თუ შესაძლებელია, თავი აარიდონ აეროპორტში მისვლას. Lufthansa პირობას დებს, რომ მგზავრებს ელექტრონული საშუალებებით ხელახალი დაჯავშნის სხვადასხვა ვარიანტი ექნებათ. მედია წერს, რომ მუშაობის ნორმალურ მდგომარეობაში დაბრუნება, პარასკევამდე მოსალოდნელი არ არის.
Lufthansa-მ განაცხადა, რომ შეძლებისდაგვარად დამოუკიდებლად განაახლებს ბილეთებს თავისი მომხმარებლებისთვის. კომპანია მგზავრებს ცვლილებების შესახებ, მათ შორის, ელექტრონული ფოსტით შეატყობინებს.
