პარლამენტში საგარეო საქმეთა მინისტრის მაკა ბოჭორიშვილის ინტერპელაციის წესით მოსმენის შემდეგ, ტრიბუნა საპარლამენტო ფრაქციების წარმომადგენლებმა დაიკავეს. გახარიას გუნდის წევრების მტკიცებით, ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი ჩიხშია და მასზე მინისტრია პასუხისმგებელი. პასუხად ოპონენტები მმართველი გუნდის წევრებმა მწვავედ გააკრიტიკეს.
პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის, ფრაქცია "ქართული ოცნების" წევრის, ლევან მახაშვილის განცხადებით, საგარეო პოლიტიკა არ არის დროშასავით საქნევი იარაღი. ეს არის ინსტრუმენტი მთავარი ეროვნული ამოცანების მისაღწევად.
"საგარეო პოლიტიკა ეს არ არის დროშასავით საქნევი იარაღი. ეს არის ინსტრუმენტი მთავარი ეროვნული ამოცანების მისაღწევად. ეს ორი ამოცანა არის ძალიან ნათელი და ყველასთვის ცნობილი. პირველი, ეს არის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა და მეორე, ეს არის ეკონომიკური კეთილდღეობის შექმნა. ერთი განსაზღვრავს მეორეს და არა პირიქით, რომ საგარეო პოლიტიკას გადავაყოლოთ, უფრო სწორედ, იმ ხედვას, რაც ჩვენს ზოგიერთ ოპონენტს აქვს, გადავაყოლოთ ქვეყანა. იმას, რომ თურმე ბრიუსელში წითელ ხალიჩაზე რაც შეიძლება ბევრჯერ გავიაროთ და ხელი ჩამოვართვათ კაია კალასებს და კუბილიუსებს. როგორც ჩანს, თქვენს ანგარიშთან ერთად პატარა ლექციაც უნდა გაგეკეთებინათ, რომ უფრო მეტად გაეგოთ რა არის ევროინტეგრაცია. ეს პირველ რიგში ეკონომიკაა. ევროკავშირში არავინ არ მიგიღებთ, თუ თქვენ ხართ დანგრეული და ჩამოშლილი ეკონომიკა. საქართველო რასაც რეალურად აკეთებს ეკონომიკის განვითარებისთვის, ეს არის ევროპული ინტეგრაციის გზის გაკაფვა. თუნდაც ის ფაქტი, რომ გასული 5 წლის განმავლობაში ერთიანი შიდა პროდუქტი გასამმაგდა, რომ გაორმაგდა ბიუჯეტი, რომ განახევრდა უმუშევრობა. უფრო მეტიც, ყველაფერი რომ გაგვეკეთებინა, რასაც ევროკავშირი გვეუბნებოდა, სად იქნებოდა დღეს საქართველო? იქნებოდა თუ არა უკრაინის მსგავსად, რომელმაც ასევე ყველაფერი გააკეთა? ეს არის თქვენი რეალური მიზანი", - განაცხადა ლევან მახაშვილმა.
