ლიბანის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, მიუხედავად ისრაელსა და "ჰეზბოლას" შორის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებისა, კვირას, სამხრეთ ლიბანში, ისრაელის მიერ განხორციელებული თავდასხმების შედეგად, სულ მცირე 14 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის ორი ბავშვი - წერს abcnews-ი.
ამასთან, ისრაელის თავდაცვის ძალებმა, ლიბანში საბრძოლო მოქმედებების დროს, ისრაელელი ჯარისკაცის გარდაცვალების შესახებ განაცხადეს.
ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ "ჰეზბოლა" ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დარღვევაში დაადანაშაულა. დაჯგუფებამ არაერთხელ ესროლა ჭურვები ჩრდილოეთ ისრაელს და ქვეყნის ხელისუფლება ამჟამად მოქალაქეებისთვის უსაფრთხოების ახალ რეგულაციებს განიხილავს.
კვირას, ისრაელის თავდაცვის ძალებმა (IDF) განაცხადეს, რომ მათ სამხრეთ ლიბანში განლაგებული ისრაელელი ჯარისკაცების მიმართულებით ნასროლი ჭურვი ჩაჭრეს. IDF-ის ინფორმაციით, კვირას განხორციელებული თავდასხმების დროს, "ჰეზბოლას" ინფრასტრუქტურა დაბომბეს.
