"თუ ევროპა მართლაც გადაწყვეტს დამოუკიდებელ გზას და მაკრონის ხაზს გაჰყვება, ეს შესაძლოა აშშ-სთვის ფინანსურად მომგებიანიც კი იყოს", - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ ვიდეო მიმართვაში ისაუბრა.
რუბიო საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის ჩინეთში ვიზიტის დროს გაკეთებულ განცხადებებს ეხმიანება, როდესაც მაკრონმა თქვა, რომ ევროპა აშშ-ზე ნაკლებად დამოკიდებული უნდა იყოს და არ ჩაერიოს იმ კონფლიქტებში, რომელიც მისი არ არის.
რუბიოს თქმით, თუ ემანუელ მაკრონის განცხადებები მთელი ევროპის პოზიციას გამოხატავს, მაშინ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა თავის პოლიტიკას უნდა გადახედოს და ნაკლებად ჩაერიოს ევროპის საქმეებში.
"საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი ჩადის ჩინეთში და დაახლოებით ექვს საათს ატარებს სი ძინპინთან შეხვედრაში. შემდეგ კი, უკან დაბრუნების გზაზე, თვითმფრინავში ესაუბრება ჟურნალისტებს. პირველი, მან ჟურნალისტებს უთხრა, რომ დროა ევროპა გამოეყოს ამერიკის შეერთებულ შტატებს, აღარ იყოს ასე დამოკიდებული დოლარზე და ზოგადად აშშ-ზე და თავად გახდეს მესამე სუპერსახელმწიფო. მეორე, რაც მან თქვა და განსაკუთრებით საინტერესოა - მისი აზრით, ევროპამ უნდა იზრუნოს იმაზე, რომ არ ჩაერთოს იმ კონფლიქტებში, რომლებიც უშუალოდ მისი არ არის. კერძოდ, მან თქვა, რომ ევროპამ არ უნდა აირჩიოს მხარე ტაივანის საკითხში, აშშ-სა და ჩინეთს შორის. ამ ფონზე ჩნდება კითხვა, მაკრონი მთელი ევროპის სახელით საუბრობს თუ არა? არის თუ არა ის დღეს ევროპის მთავარი მეთაური და არის თუ არა ის ევროპის ყველაზე გავლენიანი ლიდერი? თუ ეს ასეა, მაშინ გარკვეული საკითხები შესაძლოა გადაიხედოს. ევროპა, მათ შორის, თავად საფრანგეთი, ბოლო 70 წლის განმავლობაში მნიშვნელოვნად იყო დამოკიდებული აშშ-ზე თავდაცვის კუთხით. მაგალითად, როდესაც მაკრონმა გლობალური ძალის როლის თამაში სცადა და ჩრდილოეთ აფრიკაში ტერორისტებთან საბრძოლველად ჯარების გაგზავნა, მან საკუთარი ძალებითაც კი ვერ მოახერხა ჯარების გაგზანა. ამაში ამერიკის დახმარება გახდა საჭირო. თუ ევროპა მართლაც გადაწყვეტს დამოუკიდებელ გზას და მაკრონის ხაზს გაჰყვება, ეს შესაძლოა აშშ-სთვის ფინანსურად მომგებიანიც კი იყოს. რაც შეეხება კონფლიქტებში ჩარევას, უნდა გაირკვეს, რეალურად იზიარებს თუ არა ევროპა მაკრონის პოზიციას.
მაგალითად, აშშ ამჟამად აქტიურად არის ჩართული უკრაინაში მიმდინარე ომში და მნიშვნელოვან ფინანსურ რესურსებს ხარჯავს. ეს მხარდაჭერა დაფუძნებულია იმაზე, რომ მოკავშირეები ერთმანეთს ეხმარებიან. მაგრამ თუ ევროპული ქვეყნების პოზიცია იქნება, რომ ისინი არ აპირებენ მხარის არჩევას ჩინეთსა და აშშ-ს შორის ტაივანის საკითხში, შესაძლოა აშშ-მაც გადახედოს საკუთარ მიდგომებს. მაგალითად, მეტი ყურადღება დაუთმოს ტაივანს და ევროპის ქვეყნებს მიანდოს საკუთარი რეგიონის უსაფრთხოება. ამიტომ მნიშვნელოვანია სწრაფად გაირკვეს, მაკრონი მხოლოდ საკუთარი სახელით საუბრობს თუ მთელი ევროპის სახელით. რადგან ჩინეთი ძალიან დადებითად შეხვდა მის განცხადებებს და სრულად უჭერს მათ მხარს. უფრო მეტიც, გავრცელებული ინფორმაციით, მაკრონის სიტყვები თავდაპირველად კიდევ უფრო მკვეთრი იყო, თუმცა საფრანგეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციამ ჟურნალისტებს სთხოვა ინტერვიუს ტექსტის გადახედვა და სავარაუდოდ, მათ ამოიღეს ისეთი მასალა, რომელიც უფრო აგრესიული იყო. ამიტომ, ჩვენ უნდა გავარკვიოთ სად დგას ევროპა", - განაცხადა მარკო რუბიომ.
